Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკები ისევ ყოჩაღობენ

 

 

 

 

 

2020 წლის 13 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის" ლიგის მორიგი მატჩი გამართა. ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე ზემოიმერლებმა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

 

ჩემპიონატის დაწყებიდან გამართული სამი სასტარტო ტურის შემდეგ ორი იმერული კლუბის წარმომადგენლები განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - თუკი სამტრედიელებმა ორივე სასტარტო შეხვედრა დათმეს, მასპინძლებმა ზუგდიდსა და წყალტუბოში აღებულ 4 ქულას მარტვილელებთან დიდი სხვაობით 5-1 მოპოვებული გამარჯვება შემატეს...

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ წინა საშინაო მატჩის მსგავსად, დღევანდელი დაპირისპირების ფავორიტადაც სწორედ ზესტაფონელები ითვლებოდნენ და თანატოლ სამტრედიელებთან მათი შეხვედრის მსვლელობამ კიდევ ერთხელ გაამართლა წინასწარი ვარაუდები - მატჩი ზესტაფონელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათი კიდევ ერთი შთამბეჭდდავი გამარჯვებით, ისევ 5-1 დასრულდა...

 

მარგველები საქმეს თავიდანვე მთელი სერიოზულობით შეუდგნენ, დიდ სათამაშო უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ და შესვენებამდე ოთხჯერ მოახერხეს სტუმართა კარის ბადის შერხევა - მე-17 წუთზე ანგარიში ერეკლე მაღლაკელიძემ გახსნა, 26-ე წუთზე ვაჟა კაპანაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 33-ე წუთზე ერეკლე მაღლაკელიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ ერთი გოლი 28-ე წუთზე სულხან გუნიავამ გაიტანა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად კი წარიმართა, თუმცა გუნდებმა გოლების გაცვლა მაინც მოახერხეს - 65-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით სამტრედიელთა გოლკიპერმა ამირან მინაშვილმა "პრესტიჟის გოლის" გატანა მოახერხა, ხოლო დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე შეცვლაზე შესული ნიკოლოზ ცხადაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა...

 

13.09.2020. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 5-1

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ფუტკარაძე (კვეტენაძე, 75), გუნიავა, ვ. კაპანაძე, ტ. ცხადაძე (ჭულუხაძე, 75), ს. კვანტიძე (ჯუღელი, 75), ჭელიძე (მ. ცხადაძე, 75), აბრამიშვილი, მაღლაკელიძე (ნ. ცხადაძე, 75), მღარიშვილი (რ. კვანტიძე, 51), ქურცაძე (კახნიაშვილი, 53).

 

შემდეგ მატჩს ზემოიმერლები 19 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი ქობულეთს ეწვევა და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "შუქურას" თხუთმეტწლამდელებს დაუპირისპირდება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020