11.09.2020
მორიგი უგოლო ფრე გასვლით შეხვედრაში
2020 წლის 11 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ვანის სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ზემოიმერული გუნდი ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდა.
მატჩის დაწყებისთანავე სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა - ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს ბურთი და გეგმაზომიერად დაიწყეს მასპინძელთა კარის გასაღების ძიება. 22-ე წუთზე, ფლანგიდან ლაშა ნანობაშვილის ჩაწოდების შემდეგ ვანელთა კარის აღება ლაშა ოზბეთელაშვილმა მოახერხა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ტაიმის ბოლომდე გატანა გიორგი ხარშილაძესაც მართებდა, თუმცა მან ჯაბა დვალის გამოზომილი გადაცემით ვერ ისარგებლა...
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სტუმრებმა მასპინძლები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და რამდენიმე ეპიზოდში გამარჯვების გოლთან ახლოსაც იყვნენ. გატანა ჯაბა დვალს, ლაშა ოზბეთელაშვილსა და ბექა ხუხუას მართებდათ, თუმცა "სულორის" დაცვის ხაზისა და გოლკიპერის საიმედო მოქმედების გამო ვანის სტადიონის ტაბლოზე საფინალო სასტვენის შემდეგ 0-0 ეწერა...
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 18 სექტემბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები წალენჯიხის საფეხბურთო კლუბ "სქურს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
|
11.09.2020. ”სულორი” (ვანი) - ”ზესტაფონი” 0-0 |
"ზესტაფონი": მიქავა, ვარდოსანიძე, სირაძე (ხუხუა, 70), მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, ოზბეთელაშვილი, დვალი.
დაწვრილებით:
|
გამოყენებულია ვანის "სულორის" fb-გვერდის ფოტომასალა |