07.09.2020
სეზონში პირველი გამარჯვება ჭაბუკების ანგარიშზეა
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის" ლიგის მეორე ტურის მატჩი გამართა. წყალტუბოს ხელოვნურსაგარიან მოედანზე ზესტაფონელები ადგილობირივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდი 15-წლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" "ა" ჯგუფში ასპარეზობს და წლევანდელი ტურნირის დებულების თანახმად, ერთწრიანი ტურნირის შედეგად პირველ სამეულში მოსახვედრად იბრძვის. სწორედ "ა", "ბ" და "გ" ჯგუფებში I-III ადგილებზე გასული გუნდები და საუკეთესო მე-4 ადგილოსანი შეადგენენ ათგუნდიან "ვერცხლის" ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ასევე ერთ წრედ და სწორედ ამ ტურნირის პირველი სამეული 2021 წლის სეზონში "ოქროს" ჯგუფის საგზურებს მოიპოვებს...
წყალტუბოელები ჩემპიონატის პირველ ტურში ისვენებდნენ და რა გასაკვირია, რომ შინ გასამართ პირველ შეხვედრაში მოსაგებად იყვნენ განწყობილები. ზუგდიდში ნათამაშები ფრის შემდეგ ქულები ზესტაფონელებსაც ჭირდებოდათ და აქედან გამომდინარე, წყალტუბოს ხელოვნურსაგარიან მოედანზე პირველივე წუთებიდან ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა.
მატჩი სანახაობრივად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უხვგოლიანიც გამოდგა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას მასპინძლებმა ოთხჯერ შეძლეს ანგარიშში დაწინაურება, ხოლო ზესტაფონელებმა ამდენივეჯერ (ნიკა მღარიშვილი, სულხან გუნიავა, ვაჟა კაპანაძე, ერეკლე მაღლაკელიძე) მოახერხეს გათანაბრება. ხოლო, მაშინ, როდესაც დღევანდელი "თრილერის" დასრულებამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი, დუბლი შეასრულა და სტუმართათვის გამარჯვების მომტანი გოლი ვაჟა კაპანაძემ გაიტანა - 5-4.
|
06.09.2020. U-15. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 4-5 |
"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ფუტკარაძე (ქურცაძე, 57), გუნიავა, ვ. კაპანაძე, ტ. ცხადაძე, ს. კვანტიძე, ჭელიძე, აბრამიშვილი, მაღლაკელიძე, მღარიშვილი, ჭულუხაძე.
|
მორიგ მატჩს ზემოიმერლები 10 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი მარტვილის "მერანის" თხუთმეტწლამდელებს უმასპინძლებს...
|