Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონატის გახსნა და მძიმე მატჩი "მერანთან"

 

 

 

 

 

2020 წლის 4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - ეროვნული ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლებმა თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ზესტაფონში გამართული პირველი საჩემპიონატო მატჩი გახლდათ, წინ სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონიალი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება უძღოდა. დაპირისპირება ნერვიულად დაიწყო, მასპინძლები ბურთს და ტერიტორიას კი ფლობდნენ, თუმცა შეტევის ხაზში რაიმე ღირებულის შექმნა უჭირდათ.

 

სტუმრებმა თავის სათამაშო გეგმა სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს და შეხვედრის 23-ე წუთზე ასეთმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო - სტუმართა კონტრაქცია თბილისელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან წარიმართა და საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ბურთი მასპინძელთა კარში დავით ნაჭყებიამ გადაგზავნა. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ზესტაფონელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მერანელთა მეკარე და მცველები ყოჩაღობდნენ...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ზესტაფონელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყეს, თუმცა 55-ე წუთზე ანგარიში 0-2 გახდა - თბილისელთა მორიგ შეტევას დავით ნაჭყებიას საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი და უზუსტესი გასროლა მოყვა...

 

ამის შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და ერთმანეთის მიყოლებით სტუმართა კართან რამდენიმე ძალიან სახიფათ შეტევაც განახორციელეს, თუმცა დამაგვირგვენებელ ფაზაში ისინი ბევრს სცოდავდნენ. 88-ე წუთზე კი ანგარიში მინიმუმამდე მაინც შემცირდა - დავით მოსიძის ზუსტი თავურის შემდეგ იმერლებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნდათ...

 

მატჩის დასკვნითი მონაკვეთი მთლიანად სტუმრთა ნახევარზე წარიმართა - მასპინძლებმა თბილისელები საკუთარ საჯარიმოში ამოკეტეს და გოლის გასატანად 3 მომენტიც შექმნეს. სამწუხაროდ, გიორგი ჭანკოტაძის, ლაშა ნანობაშვილისა და ლაშა ოზბეთელაშვილის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და შეხვედრა ზესტაფონელთათვის მარცხით 1-2 დასრულდა.

 

* * *

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" ზუსტად ერთ კვირაში გამართავს - 11 სექტემბერს საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ვანის საფეხბურთო კლუბ "სულორს" ესტუმრებიან. ვანელებთან მატჩი გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

04.09.2020. ”ზესტაფონი” - ”მერანი-2” (თბილისი) 1-2

"ზესტაფონი": მიქავა, სირაძე, ხუხუა, მოსიძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე (ჭანკოტაძე, 46), გაჩეჩილაძე (ზარნაძე, 57), ნანობაშვილი, ოზბეთელაშვილი, ზაქრაძე (ხარშილაძე, 54), დვალი.

დაწვრილებით:

ვახო ლაბაძის ფოტო

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020