Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამართული მატჩით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდი საქართველოს 2020 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო. პირველობის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები ზუგდიდის დინამოელ თანატოლებს სამეგრელოში ესტუმრნენ.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდი უშუალოდ სფფ-ს მიერ ჩატარებულ ჭაბუკთა შორის ეროვნული მასშტაბის ტურნირს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. წლევანდელი ტურნირის დებულების თანახმად, მარგველები 15-წლამდელთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" "ა" ჯგუფში ზუგდიდის "დინამოსთან", წყალტუბოს "სამგურალთან", მარტვილის "მერანთან", ქობულეთის "შუქურასთან", "სამტრედიასთან" და ზუგდიდის "ოდიშთან" ერთად იასპარეზებენ.

 

გათამაშების მეორე ეტაპზე "ვერცხლის" ლიგის სამივე ჯგუფის ("ა", "ბ" და "გ") ერთწრიანი ტურნირის შედეგად I-III ადგილებზე გასული გუნდები და საუკეთესო მე-4 ადგილოსანი შეადგენენ ათგუნდიან "ვერცხლის" ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ასევე ერთ წრედ. "ა", "ბ" და "გ" ჯგუფებში IV-VIII ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ "ბრინჯაოს" ჯგუფს. სადაც თამაშები გაიმართება ასევე ერთ წრედ. ჯგუფის პირველი ეტაპიდან გუნდებს არ გადმოჰყვებათ ქულები, შესაბამისად მეორე ეტაპს ისინი ნული ქულით დაიწყებენ...

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან 15-წლამდელთა ასაკობრივი ლიგის გათამაშება გაიმართება ახალი ფორმატით. ლიგა გაიყოფა სამ ნაწილად. 2021 წლის რანგით მაღალ "ოქროს" 10-გუნდიან ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის გათამაშებაში "ოქროს" ჯგუფში I-VII ადგილზე გასული გუნდები და "ვერცხლის" ჯგუფში I-III ადგილებზე გასული გუნდები. 2021 რანგით მეორე 10-გუნდიან "ვერცხლის" ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის გათამაშებაში "ოქროს" ჯგუფში VIII-X ადგილზე გასული გუნდები, 2020 წლის "ვერცხლის" ჯგუფში IV-VII ადგილებზე გასული გუნდები და "ბრინჯაოს" ჯგუფში I-III ადგილებზე გასული გუნდები. 2021 წლის რანგით მესამე 11-გუნდიან (ან მეტი) ბრინჯაოს ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის გათამაშებაში "ვერცხლის" ჯგუფში VIII-X ადგილზე გასული გუნდები და 2020 წლის "ბრინჯაოს" ჯგუფში IV-XI ადგილებზე გასული გუნდები...

 

რაც შეეხება ახალი ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი თხუთმეტწლამდელთა გუნდი, რომლის ძირითად ბირთვს 2006 წელს დაბადებული ბიჭები შეადგენენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ეწერს ესტუმრა. მეგრულ-იმერული დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ფაქტიურად 1 წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობდნენ, სწორედ ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის ჯეროვნად გამოყენება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა...

 

01.09.2020. U-15. ”დინამო” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ფუტკარაძე (მ. ცხადაძე, 71), გუნიავა, ვ. კაპანაძე, ტ. ცხადაძე, ს. კვანტიძე, ჭელიძე (ქურცაძე, 67), აბრამიშვილი, მაღლაკელიძე, მღარიშვილი, ჭულუხაძე (რ. კვანტიძე, 54).

 

მორიგ მატჩს ზემოიმერლები 6 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი წყალტუბოს ეწვევა და ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენელ თანატოლებთან მეორე ტურის შეხვედრას გამართავს...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020