30.08.2020
სპარინგ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან"
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" ეროვნული ლიგა-4-ის მორიგი მატჩისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელებმა ეროვნული ლიგა-3-ის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლეს.
დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო მასპინძელთა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამი ფეხბურთელი (ჯაბა დვალი, კობა გოგობერიშვილი და გიორგი ხარშილაძე) მოისაკლისა.
ამასთან, ზესტაფონელთა დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ ერთი კვირის წინ თბილისელ ვეტერინარებთან გამართულ სათასო შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობის მნიშვნელოვან როტაციას მიმართა და ტყიბულელებთან თავის გუნდი ფაქტიურად ექსპერიმენტალური შემადგენლობით ათამაშა...
რაც შეეხება უშუალოდ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი ნახევარი ტყიბულელებმა ლაშა ჩიხლაძის გოლით მოიგეს, მეორეში კი ზესტაფონელებმა ლაშა ოზბეთელაშვილის გოლით გააყაიმეს. შედეგად, დღევანდელი საკონტროლო მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
|
30.08.2020. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) - 1-1 |
"ზესტაფონი": გიორგაძე (მიქავა, 46), ჯანიაშვილი (სირაძე, 46), გულხადარაშვილი (მოსიძე, 46), ხუხუა, სამხარაძე (ჩხიკვაძე, 46), ზარნაძე (ბერაძე, 75), ხარაიშვილი (გაჩეჩილაძე, 46), ჭანკოტაძე (ზაქრაძე, 75), ბერაძე (ნანობაშვილი, 46), ზაქრაძე (ვარდოსანიძე, 46), ოზბეთელაშვილი.
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 4 სექტემბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება...
|