Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.08.2020

 

 

 

 

 

 

 

 

სათასო თრილერი ზესტაფონში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების 1/32-ფინალური სტადიის მატჩი გამართა - მარგველები CrystalBet ეროვნული ლიგა-2-ს წარმომადგენელს, თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ.

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თითოჯერ ეროვნულ თასის მფლობელი ორი გუნდის წლევანდელი სათასო დუელი უჩვეულოდ ადრეულ, 1/32-ედფინალურ სტადიაზე შედგა. ჩვენ უკვე ვწერდით იმაზე, რომ მარგველებისა და "ვიტ-ჯორჯიას" გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში დღემდე ორჯერ გადაკვეთილა - 2005-2006 წლების გათამაშების 1/2-ფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მიაყოლეს...

 

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დღესდღეობით არც ერთი და არც მეორე გუნდი არ ასპარეზობს, თუმცა წლევანდელ, პოსტპანდემიურ ჩემპიონატში ორივე კრებულს სერიოზული გეგმები აქვს - თუ თბილისელები CrystalBet ეროვნულ ლიგა-1-ში დაბრუნებას ლამობენ, მათი ოპონენტი ზემოიმერლები ლიგა-3-ში აღზევებისთვის აპირებენ ბრძოლას...

 

მატჩის დაწყებას კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი დაემთხვა. ნალექი იმდენად უხვი იყო, რომ მე-10-ე წუთზე მატჩის არბიტრმა პაპუნა მაჭარაძემ შეხვედრის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის პერსონალისა და გაზონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბრწყინვალედ ჩააბარეს გამოცდა და 40-წუთიანი პაუზის შემდეგ მატჩი განახლდა კიდეც...

 

პირველი ნახევარი სწრაფ ტემპში და ორმხრივ იერიშებში გაილია. საბოლოოდ, ასეთ თამაშში ბედმა თბილისელ ფეხბურთელებს გაუღიმა და ტაიმის მიწურულს, კერძოდ 42-ე წუთზე ვეტერინართა სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით ლევან ბარაბაძემ დაასრულა. ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 0-1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მოედნის მეტოქის ნახევარზე დიდი ხნით "დაისადგურეს". შედეგად, ზესტაფონელებმა "ვიტ-ჯორჯიის" კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს და საბოლოოდ ამან შედეგი გამოიღო კიდეც - 69-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილის წაქცევისათვის თბილისელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გამოცდილმა ჯაბა დვალმა გოლად აქცია და ტრიბუნების მქუხარე ოვაციაც დაიმსახურა...

 

ძირითადი დროისათვის განკუთვნილ დარჩენილ მონაკვეთში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, გუნდები "შემხვედრ კურსებზე" თამაშობდნენ, თუმცა გოლის გატანასთან ახლოს მაინც უფრო ზემოიმერლები იყვნენ - 90-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბექა ზაქრაძემ ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა, საჯარიმოშიც შეიჭრა და დაარტყა კიდეც, თუმცა სტუმართა გოლკიპერ ლევან ისერგიშვილს ვეღარ აჯობა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა.

 

გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც მოვლენებით დატვირთული დღევანდელი მატჩის ღირსეული ფინალური "აკორდი" აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ, მოიგერია რა სამი 11-მეტრიანი, თავი მშვენივრად გაართვა დაკისრებულ მოვალეობას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ზუსტი დარტყმის განხორციელების შემთხვევაში ზესტაფონელებს ზედიზედ ორჯერ შეეძლოთ სერიის დასრულება, თუმცა სპორტული იღბალი დღეს ვეტერინართა მხარეს აღმოჩნდა და პენალტების სერია სტუმრების გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

 

ეროვნული თასის გათამაშების შემდეგ ეტაპზე სწორედ თბილისელი ფეხბურთელები იასპარეზებენ...

 

23.08.2020. ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 1-1 (პენალტების სერიაში 2-3)

"ზესტაფონი": მიქავა, ვარდოსანიძე, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ზარნაძე (ხუხუა, 46), ნანობაშვილი, ხარშილაძე (გოგობერიშვილი, 57 (ზაქრაძე, 84)), ოზბეთელაშვილი, დვალი.

"ვიტ-ჯორჯია": ისერგიშვილი, ნაჭყებია, კაპანაძე (ქისიევი, 65), სეხნიაშილი, მოლაშვილი, ბექაური, ბარაბაძე, მუზაშვილი, სალუქვაძე (ბულუხაძე, 77), ზარიძე (ნემსაძე, 65), მუსელიანი.

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 4 სექტემბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020