21.08.2020
მეტოქე - ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ვეტერინარები
კვირას, 23 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მორიგ მატჩს გამართავს - პირველივე სათასო რაუნდის შეხვედრაში ზემოიმერლები CrystalBet ეროვნული ლიგა-2-ს ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
თბილისის "ვიტ-ჯორჯია"-ს და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლდათ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობდა... რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ სხვადასხვა წლებში უპირატესობას ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე...
პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში გარკვეული "ჰანდიკაპიც" შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია 2010-2012 წლებში კარდინალურად შეცვალეს - ორი ზესტაფონური ოქროს "ჭედვისას" მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც შემდეგ ორ სეზონში მოპოვებული 2 გამარჯვება (3-2 და 2-0) მოაყოლეს და სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.
ზესტაფონელთა და ვეტერინართა სადღეისოდ ბოლო შეხვედრა, რომელსაც 2014 წლის 2 ნოემბერს "მცხეთა-პარკმა" უმასპინძლა, დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ იმერელთა მძიმე გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ლევან საბაძის დუბლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმი უკვე სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ჯაბა დვალის დუბლითა და მატჩის მიწურულს გატანილი თორნიკე კაპანაძის გოლით გამარჯვება ზესტაფონელებმა მოიპოვეს...
სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ერთმანეთში 29-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 13 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 10 მოიგეს ვეტერინარებმა, ერთშიც, 2015 წლის გაზაფხულზე ჩვენი გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნის გამო, გამარჯვება ანგარიშით 3-0 ვეტერინარებს ჩაეთვალა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 45:41 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ ვეტერინართა და მარგველთა გზები დღემდე ორჯერ გადაკვეთილა - თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მიაყოლეს...
შესაბამისად, ჯამში ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია სადღეისოდ 33 შეხვედრას ითვლის, რომელთაგან იმერლებმა 16 მოიგეს, 5-ჯერ დაფიქსირდა ფრე, ვეტერინართა აქტივს კი 12 გამარჯვება შეემატა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 53:47 ზესტაფონელ ფეხბურთელთა სასარგებლოდ.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ "ვიტ-ჯორჯიას" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე-მესამე შედეგს კი 4-4 გატანილი გოლით გოგი ფიფია და ჯაბა დვალი ინაწილებენ...
"ვიტ-ჯორჯიასთან" 23 აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართი სათასო შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება...
|
ეროვნული თასის გათამაშების 1/32-ფინალში "ზესტაფონის" მეტოქე თბილისის "ვიტ-ჯორჯია" |
|