20.08.2020
ზესტაფონელთა სათასო ბატალიების ისტორია
კვირას, 23 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მორიგ მატჩს გამართავს - პირველი ეტაპის შეხვედრაში ზემოიმერლები CrystalBet ეროვნული ლიგა-2-ს ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
მოგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელები მე-14-ედ ჩაერთვებიან. საინტერესოა, რომ წინა 13 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ რვა, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 5-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...
სულ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” სადღეისოდ გამართული აქვს 76 მატჩი, რომელთაგან 44 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 16 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 16-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 141-60 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში მარგველებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის იმერელთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისის "ამერთან", და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).
აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული.
"ზესტაფონის" შემადგენლობაში დღესდღეობით მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის კი, ჯაბა დვალის შემდეგ ყველაზე მეტი (5) გოლი ბაჩო ბერაძის ანგარიშზეა...
|
16.05.2008. სწორედ ამ დღეს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასს დაეუფლა. |
|