Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.08.2020

 

 

 

 

 

 

 

 

უგოლო ფრე სეზონის სასტარტო შეხვედრაში

 

 

 

 

 

2020 წლის 16 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩი გამართა - არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფის" პირველი ტურის შეხვედრაში იმერული გუნდი ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდა.

 

როგორც სეზონის სასტარტო შეხვედრებში ხშირად ხდება, ქედაში დღეს გამართულ აჭარულ-იმერულ დაპირისპირებასაც ახლდა დაძაბული ფონი, რაც ორივე გუნდის რიგებში შესამჩნევ ნერვიულობასა და ფეხბურთელთა მხრიდან დაშვებულ შეცდომებში გამოიხატებოდა. პირველი ათი წუთი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვას დაუთმეს და შესაბამისად, მატჩის ეს მონაკვეთი ფრთხილად ჩაატარეს.

 

თანდათანობით თამაშის სადავეები ხელთ სტუმრებმა იგდეს, რასაც ქედელთა კართან განხორციელებული რამდენიმე მწვავე შეტევა მოჰყვა - მასპინძელთა გოლკიპერმა ლევან კონცელიძემ ჯერ გიორგი ჭანკოტაძის დარტყმულის საკუთარი კარის "ცხრიანიდან" მოგერიება მოახერხა, შემდეგ კი მასთან პირისპირ დარჩენილ ლაშა ოზბეთელაშვილს სასწაულებრივ აუღო...

 

მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა ტემპს კიდევ უმატეს და სათამაშო ასპარეზს სრულად დაეპატრონნენ. "ბეთლემი" თავის შანსს სწრაფ კონტრაქციებში ეძებდა, თუმცა ზესტაფონელთა დაცვის ცენტრში მოასპარეზე დავით მოსიძე და ავთანდილ სირაძე მასპინძლებს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ...

 

საბოლოოდ, მატჩის უპირობო გმირად აჭარელთა კარის დარაჯი ლევან კონცელიძე იქცა - ახალგაზრდა გოლკიპერი იმერელთა ხიფათის შემცველ ყველა მცდელობას გაუმკლავდა, ერთ ეპიზოდში კი, მაშინ როდესაც გიორგი ხარშილაძის ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ მეკარეც უძლური გახდა, ბურთი "ბეთლემის" კარის ხაზიდან ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა...

 

შედეგად, დღევანდელი მატჩის ხონელი არბიტრის დავით სანოძის საფინალო სასტვენმა ფრე 0-0 დააფიქსირა.

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" ზუსტად ერთ კვირაში გამართავს - 23 აგვისტოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2020 წლის გათამაშების პირველი, 1/32-ფინალური რაუნდის შეხვედრაში ზემოიმერლები საქართველოს ორგზის ჩემპიონსა და ეროვნული თასის მფლობელს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლებენ. ვეტერინარებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

16.08.2020. ”ბეთლემი” (ქედა) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი": მიქავა, ვარდოსანიძე, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე (დვალი, 67), გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი (ზაქრაძე, 80).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020