09.08.2020
სეზონის დაწყებამდე გამართული დასკვნითი სპარინგი
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სტარტამდე დაგეგმილი დასკვნითი სპარინგ-მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ ქუთაისის საფეხბურთო გუნდ "მართვეს" უმასპინძლეს.
დღევანდელი შეხვედრა ქუთათურებთან, რომელთა დამრიგებელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფორვარდი და გოლეადორი ზვიად ენდელაძე გახლავთ, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.
პირველ ტაიმში "მართვეს" კარი შორეული ლამაზი დარტყმით ლაშა ნანობაშვილმა აიღო, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გიორგი ჭანკოტაძემ და ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინეს. მატჩის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელები ოდნავ მოდუნდნენ და სტუმრებს ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცეს...
"მართვესთან" შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ვარდოსანიძე, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ზარნაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი მოედანზე მიქავა, ჭანკოტაძე, ბერაძე, ჯანიაშვილი, ზაქრაძე, ხარაიშვილი და გულხადარაშვილი გამოჩნდნენ.
2020 წლის საფეხბურთო სეზონი ზესტაფონელთათვის 16 აგვისტოს დაიწყება. ამ დღეს ჩვენი გუნდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა ქედას ესტუმრება და საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელიც არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება, ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდება...
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |