Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.08.2020

 

 

 

 

 

 

 

 

სპარინგი "წითელი ჯგუფის" ფავორიტ ზუგდიდელებთან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. 2020 წლის 4 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა-4-ს წარმომადგენელ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ოდიში-1919”-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

 

როგორც მოგახსენეთ, "დავით აბაშიძის" მწვანე საფარზე დღეს გასული ორივე კრებული ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს მონაწილე გახლავთ. კენჭისყრის შედეგად, ზესტაფონელებს "თეთრ ჯგუფში" უწევთ ასპარეზობა, ხოლო "ოდიში-1919"-ს ფორტუნამ "წითელი ჯგუფის" საგზური არგუნა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ უკანასკნელი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სპეციალისტთა მიერ სწორედ ზუგდიდური კლუბი არის მიჩნეული...

 

დღევანდელი იმერულ-მეგრული დუელი დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და ტაიმი მოიგეს კიდეც ანგარიშით 2-0 (დუბლი გიორგი ხარშილაძის ანგარიშზეა). უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელი შემტევის გოლებს შორის, კარის აღების შანსი ზუგდიდელებსაც მიეცათ, თუმცა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გოლად ქცევის საშუალება სტუმრებს მასპინძელთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ არ მისცა....

 

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრები ისევ გააქტიურდნენ და მალევე კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა "ოდიშის" მცველ ლაშა გოგონაიას სიზუსტემ უმტყუნა. ზუგდიდელები ანგარიშის შეცვლას ამის შემდეგაც ლამობდნენ, თავადაც ბევრს აქტიურობდნენ და მასპინძელთა კონტრიერიშებიც ხშირად ეპარებოდათ. საბოლოოდ, მატჩის დასკვნით ნაწილში გუნდებმა გოლები გაცვალეს - თავიდან ბაჩო ბერაძემ იმერელთა უპირატესობა 3 ბურთამდე გაზარდა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი ლაშა გოგონაიამ თავის გოლი მაინც გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

ზუგდიდელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, ვარდოსანიძე, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, დვალი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე ზარნაძე, ბერაძე, ჯანიაშვილი, ზაქრაძე, ხარაიშვილი და ოზბეთელაშვილი გამოჩნდნენ.

 

ჩემპიონატის დაწყებამდე გასამართ დასკვნით ამხანაგურ მატჩს ზესტაფონელები 9 აგვისტოს გამართავენ. ზემოიმერლები რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "მართვეს" დაუპირისპირდებიან...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020