25.07.2020
საკონტროლო მატჩი ახალგაზრდა ტორპედოელებთან
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს, რიგით მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლეს.
თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან ამ ორიოდე დღის წინ გამართული დაპირისპირების მსგავსად, ზესტაფონელებმა დღევანდელი შეხვედრაც უჩვეულო თერთმეტეულით დაიწყეს. ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლებმა პირველი ტაიმი საკმაოდ მძიმედ ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგეს.
მეორე ნახევარში "ზესტაფონის" დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ ცვლილებებს მიმართა და შედეგად, თამაშის სურათიც მკვეთრად შეიცვალა. საფინალო სასტვენამდე ზემოიმერლებმა ოთხჯერ (კობა გოგობერიშვილი-2 და ლაშა ნანობაშვილი-2) მოახერხეს სტუმართა ძალიან სიმპატიური გუნდის (მწვრთნელი - ზვიად ჩხეტიანი) დამწუხრება და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 4-1 მოიგეს.
"ზესტაფონის" სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა: მიქავა, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, სირაძე, ჯანიაშვილი, სამხარაძე, ხარაიშვილი, ზარნაძე, გაჩეჩილაძე, ზაქრაძე, ბერაძე. თამაშის მიმდინარეობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, ჭანკოტაძე, ნანობაშვილი, გოგობერიშვილი და მოსიძე გამოჩნდნენ...
|