23.07.2020
"ზესტაფონის" მორიგი სპარინგ-შეხვედრა
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს - 23 ივლისს ჩვენმა გუნდმა რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
სხვადასხვა მიზეზის გამო დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ერთბაშად 8 ფეხბურთელი აკლდათ. აქედან გამომდინარე, გუნდის დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ მოედანზე ფაქტიურად ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა.
პირველ ტაიმში "მარგვეთი-2006"-ს კარი გიორგი ჭანკოტაძემ და ლაშა ნანობაშვილმა დალაშქრეს, თუმცა რეგიონალლიგელებმა მათ ბაკურ გულუას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით უპასუხეს. მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა გამოიმუშავეს კიდევ ერთი პენალტი, რომელიც გოლად "ზესტაფონიდან" სულ ახლახანს წასულმა ლაშა ბუბულაშვილმა აქცია. თუმცა, ამის შემდეგ გიორგი ჭანკოტაძემ და დავით მოსიძემ კიდევ ორჯერ აიღეს "მარგვეთი-2006"-ს კარი და დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს...
თანაქალაქელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, ზარნაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, გოგობერიშვილი, ზაქრაძე, ჭანკოტაძე, ბერაძე. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, ჯანიაშვილი და ხარაიშვილი გამოჩნდნენ.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ზესტაფონელები 25 ივლისს გამართავენ. ზემოიმერლები ამჯერადაც რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდებიან...
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |