23.07.2020
ეროვნული ლიგა-4 ორ ჯგუფად დაიყო
მიმდინარე წლის 23 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის კენჭისყრა გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ, ტურნირის დებულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი.
ტურნირის ჩატარების დამტკიცებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი ლიგა-4-ის გათამაშების "თეთრ" ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეობას მას სენაკის "ეგრისი", ქედის "ბეთლემი", თბილისის "მერანი-2", ვანის "სულორი", წალენჯიხის "სქური", მარნეულის "ალგეთი" და თბილისის "ვარკეთილი" გაუწევენ. გაისად ლიგა-3-ში მხოლოდ საუკეთესო გუნდი აღზევდება...
აქვე გვინდა ჩემპიონატის დებულების ტექსტიდან საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მიმდინარე წელს ლიგა-4 შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი ორ ("თეთრ" და "წითელ") ჯგუფში გადანაწილდა, თითოეული ჯგუფი ორ წრედ ითამაშებს და გამარჯვებულები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ"...
დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 2020 წლის სეზონი ზესტაფონელთათვის 16 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი ქედას ესტუმრება და ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდება... დავიდ აბაშიძის სახელობის სტადიონზე სექტემბრის პირველ რიცხვებში გასამართ პირველ საშინაო შეხვედრაში კი მარგველები თბილისის "მერანი-2"-ს უმასპინძლებენ...
|