საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. როგორც ცნობილია, ეროვნული ლიგა-4-ის წარმომადგენელი კლუბებისათვის სეზონი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება...
ზესტაფონში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზის მწვანე მინდვრებზე მიმდინარე ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადების პროცესი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ვარჯიშებს ენაცვლება. ფეხბურთელთა მზადება სამწვრთნელო შტაბის წევრებისა და გუნდის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს...
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა. უკვე ცნობილია უახლოეს ორ სპარინგ-შეხვედრაში ზესტაფონელთა ოპონენტთა ვინაობა - 23 ივლისს ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუხვდება, ხოლო 25 ივლისს - ქუთაისის "ტორპედო-2"-ს.
ქვემოთ კი შეგიძლიათ იხილოთ ფოტომასალა, რომელიც ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე სულ რამდენიმე დღის წინ გამართული ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას არის გადაღებული...