10.07.2020
საკონტროლო მატჩი "ჭიათურასთან"
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 10 ივლისს გუნდმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - ზესტაფონის ბაზაზე მასპინძლებს საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" ესტუმრა.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გუნდის ნახევარმცველმა ლაშა ნანობაშვილმა დააწინაურა, მეორეში კი გატანილი გოლებით თავი ჯერ ლაშა ოზბეთელაშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ გამოიჩინეს, ხოლო შემდეგ ლაშა ნანობაშვილმა პირველ ტაიმში გატანილ გოლს კიდევ ორი დაამატა და თავის ახალ გუნდში პირველი "ჰეთ-თრიკი" შეასრულა...
ჭიათურელებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, დვალი, ოზბეთელაშვილი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, ვარდოსანიძე, ზარნაძე, ხუხუა, ბერაძე, სამხარაძე და ხარაიშვილი გამოჩნდნენ.
13 ივლისს ზესტაფონელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ამჯერად მარგველები ეროვნული ლიგა-3-ის წარმომადგენელ ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" დაუპირისპირდებიან...
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |