08.07.2020
"სარბიელის" პუბლიკაცია: "ეს არის ზესტაფონი"…
მიმდინარე წლის 8 ივლისს სპორტულ ინტერნეტ-გამოცემა "სარბიელში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი ღოღობერიძის პუბლიკაცია, რომელიც მოახლოვებული სეზონისათვის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მზადებისა და გუნდში მომხდარ საინტერესო ცვლილებების შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:
"რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა… მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს...
ნოსტალგიის ამბავიცაა. „ზესტაფონი“, „ამერი“, მათი დაპირისპირებები თასის ფინალებში და ჩემპიონატშიც. კლუბები სამომავლო ხედვით, პროფესიული მიდგომით და პლუს, ევროტურნირებზე ღირსეული თამაშით…
ახლა კი, „ზესტაფონმა“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა პანდემიის შემდეგ და ხონის „იმერეთს“ 6:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ნანობაშვილმა, თითო-თითო გოლი კი ხარშილაძემ, ჭანკოტაძემ, ოზბეთელაშვილმა და გაჩეჩილაძემ გაიტანეს. „იმერეთიდან“ ბექა ძიგუამ გაიტანა.
„ზესტაფონის“ სასტარტო შემადგენლობა: მიქავა, სირაძე, ხუხუა, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: გიორგაძე, ვარდოსანიძე, ზარნაძე, ბუბულაშვილი, სამხარაძე, ხარაიშვილი, ეგუტიძე.
ბევრი ახალწვეულია, მათ შორის ისეთები, მთავარ ლიგასა და ასაკობრივ ნაკრებებში რომ აქვთ ნათამაშევი.
მწვრთნელი მალხაზ ღონღაძეა – 53 წლის ადგილობრივი სპეციალისტი, ადრე ზესტაფონის „მარგვეთში“ მცველად თამაშობდა და უეფას თასზე მალტის „სლიემასთან“ გოლი გაიტანა. ეს გოლი იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ ისტორიულია: პირველია ზესტაფონური კლუბის ისტორიაში.
ახლა ფეხბურთელებზე...
ბაჩო მიქავა (მეკარე, 1994) - ერთ დროს „ლოკომოტივის“ ძირითადი მეკარე იყო. სწორედ მიქავა იდგა „ლოკოს“ კარში, როცა ამხანაგურ მატჩში „ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდს 1:0 მოუგეს. ეს 2014 წელს. აქეთ მიქავა იდგა, იქით – ონანა.
ავთო სირაძე (მარჯვენა მცველი, 2000) - „ლოკომოტივის“, „ცხინვალისა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში იყო, შარშანწინ 19-წლამდელთა ლიგაში ჩემპიონი გახდა. შარშან იყო ლიგა 2-ის „ცხინვალში“, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.
ვანო გულხადარაშვილი (2001, ცენტრალური მცველი) - შარშან სლოვაკეთის "მიხალოვცეს" 19-წლამდელთა გუნდში იყო. მანამდე „იბერია 2000“ და „ვიტ ჯორჯიას“ დუბლებში.
ბექა ხუხუა (1992, ცენტრალური მცველი) - მეტწილად ქვედა ლიგის გუნდებში იყო და გამოცდილება აქვს. „გარდაბანი“, „არაგვი“, „ვარკეთილი“…
დავით მოსიძე (1996, ცენტრალური მცველი) - ნათამაშევი აქვს „გაგრაში“, „იმერეთში“, „გურიაში“, ბოლოს კი ბორჯომში იყო. "ზესტაფონში" ადრეც იყო, 18-19 წლის ასაკში. ნათამაშევი აქვს ასაკობრივ ნაკრებებში – 17 და 19-წლამდელებში.
ირაკლი ზარნაძე (1992, საყრდენი/ ცენტრალური ნახევარმცველი) - ზესტაფონის „მარგვეთში“ თამაშობდა, შარშან კი ჭიათურაში გახლდათ.
ნიკა ხარაიშვილი (1994, ცენტრალური ნახევარმცველი) - „მარგვეთში“ თამაშობდა. „ზესტაფონის“ ასაკობრივი და დუბლები გამოიარა.
გიორგი ჭანკოტაძე (1991, ცენტრალური ნახევარმცველი/მარცხენა ნახევარმცველი) - „ზესტაფონის“ გაზრდილი და 2011 წელს ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლის ავტორი თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩში. „ზესტაფონის“ გარდა, იყო „სიონში“, „ჩიხურაში“, „ზუგდიდში“, „საპოვნელაში“, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოში“...
ლაშა ნანობაშვილი (2000, ცენტრალური ნახევარმცველი) - შარშან უმაღლესის „ვიტ ჯორჯიაში“ თითქმის მუდმივი პრაქტიკა ჰქონდა, მანამდე „შევარდენში“, სადაც ლიგა 2-ის სეზონის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. თამაშობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში.
გიორგი ხარშილაძე (2000, მარჯვენა გარემარბი/ თავდამსხმელი) - თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი. იწვევდნენ ასაკობრივ ნაკრებებში.
ბექა ზაქრაძე (1990, მარცხენა გარემარბი/ თავდამსხმელი) - თავის დროზე ერთ-ერთი პერსპექტიული შემტევი. საქართველოს ჩემპიონი გახდა „ვიტ ჯორჯიაში“. მერე რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, შარშან კი „ბორჯომში“ იყო.
ლაშა ოზბეთელაშვილი (1999, თავდამსხმელი) - თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილი. შარშან ლიგა2-ის "გაგრაში" იყო განათხოვრებული, სადაც 2 გოლი გაიტანა. 17-წლამდელთა ევროშესარჩევში გატანილი აქვს გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე (უნგრეთთან), რითაც ნაკრები შემდგომ ეტაპზე გაიყვანა.
ჯაბა დვალი (1985/ თავდამსხმელი) - მას წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს. საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის N 3 ბომბარდირი 127 გოლით! ზესტაფონის ლეგენდაა, ნიკა გელაშვილთან ერთად მშვენიერ დუეტს ქმნიდა. 14 გოლი აქვს გატანილი ევროტურნირებზე, მათ შორის, „ბრიუგესთან“, „ნეფთჩისთან“, დუბლი „დუკლასთან“, „დაჩიასთან“, ჰეთ-თრიქი „ლისბურნთან“… სხვათა შორის, ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორია.
გუნდში აქამდე მყოფი ფეხბურთელებიდან კი უნდა გამოვარჩიოთ ცენტრალური ნახევარმცველი ნოდარ გაჩეჩილაძე (1993). ის გუნდის კაპიტანია, „ზესტაფონში“ ჯერ კიდევ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, იყო ასევე „გურიაშიც“. საყრდენადაც შეუძლია და წინაც.
კიდევ, მარცხენა მცველი დავით ჩხიკვაძე (1986) გამოცდილი ფეხბურთელია. უმაღლესლიგური გამოცდილება მასაც აქვს: იყო „სამტრედიაში“, „მერანში“, „საპოვნელაში“…
მეკარე ალექსანდრე გიორგაძე (1992) - შარშანაც იყო „ზესტაფონში“. უმაღლეს ლიგაში იყო – „საპოვნელაში“. გამოცდილება აქვს ფლანგელ შემტევ კობა გოგობერიშვილსაც (1991).
გუნდში ასევე არიან შოთა ვარდოსანიძე (1997, ცენტრალური მცველი/ საყრდენი), გიორგი სამხარაძე (2000, საყრდენი), ლაშა ბუბულაშვილი (1998. საყრდენი), ავთანდილ ეგუტიძე (1996, ფლანგელი შემტევი), ბაჩო ბერაძე (1995, თავდამსხმელი). თითქმის ყველა "ზესტაფონის" სკოლის აღზრდილები არიან, ჭაბუკთა გუნდებში თამაშობდნენ...
"ზესტაფონს" აქვს თავისი სახე. ამას დაუმატეთ გულშემატკივრები - ფეროს ქალაქში ფეხბურთი უყვართ და უგულო დამოკიდებულებას არ პატიობენ...
|