Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.07.2020

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა

 

 

 

 

 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი სეზონისათვის მზადებას ისევ შეუდგა. სამთვიანი "არდადეგების" შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა...

 

მზადების პირველ ეტაპზე გუნდი 10-კაციან ჯგუფებად დაიყო და ფეხბურთელები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ. ვარჯიშების დაწყებამდე, ფეხბურთელებსა და სტაფის წევრებს აუცილებელი თერმოსკრინინგი უტარდებოდათ. საწვრთნელ პროცესში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები...

 

როგორც იცით, 2020 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის გათამაშებაში ჩაერთვება. ტურნირის ჩატარების შესახებ არსებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ლიგა-4-ის ტურნირში მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "ვიტ-ჯორჯია-2", "მერანი-2" და "დიდუბე-2014", მარნეულის "ალგეთი", საფეხბურთო კლუბები "ცხინვალი", "ბორჯომი" და "ჭიათურა", ვანის "სულორი", ხონის "იმერეთი", ქედის "ბეთლემი", ზუგდიდის "ოდიში-1919", სენაკის "ეგრისი", ჩხოროწყუს "სამეგრელო" და წალენჯიხის "სქური" გაუწევენ.

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიამდე "ზესტაფონს" 12 ახალწვეული (გოლკიპერი ბაჩო მიქავა; მცველები - დავით მოსიძე, ვანო გულხადარაშვილი, ავთანდილ სირაძე და ბექა ხუხუა; ნახევარმცველები - ირაკლი ზარნაძე, ლაშა ნანობაშვილი და ნიკა ხარაიშვილი; ფორვარდები - გიორგი ხარშილაძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე და ჯაბა დვალი) შეუერთდა. ამ რამდენიმე დღის წინ კი იმერულ გუნდში "ზესტაფონის" საკლუბო აკადემიის აღზრდილი, საქართველოს 2011 წლის ჩემპიონი, 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე დაბრუნდა.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, საწვრთნელ შეკრებას ზემოიმერლები მშობლიურ ქალაქში გადიან. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მიერ მომზადებული ახალი რეგულაციების თანახმად, მიმდინარე წლის 6 ივლისიდან საფეხბურთო კლუბებს წვრთნის პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვისა და ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიეცემათ.

 

აქედან გამომდინარე, ივლისის პირველ ნახევარში მარგველები რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ - ამ დროისათვის უკვე დაგეგმილია სპარინგები თანალიგელ ხონის "იმერეთთან" და "ჭიათურასთან". ასევე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იმერლები ლიგა-3-ის წარმომადგენელ ფოთის "კოლხეთსა" და ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდებიან...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020