14.05.2020
დღე, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა!
ზუსტად 9 წლის წინ მოგებული ტიტულის ამბავი
|
14.05.2011. ქ. ზესტაფონის ცენტრალური მოედანი
|
დღეს "ზესტაფონისათვის" ისტორიული დღეა - ზუსტად 9 წლის წინ, 2011 წლის 14 მაისს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბი "სამტრედია” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა...
იმერული დერბი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ამ აქტიურობამ ნაყოფი მალევე გამოიღო - სამტრედიელთა კართან 23-ე წუთზე დანიშნული კუთხური შოთა გრიგალაშვილმა და თორნიკე აფციაურმა გაითამაშეს, რასაც ბურთის სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, იქ კი მასთან პირველი ნიკოლოზ გელაშვილი აღმოჩნდა და სტუმართა კარი აუღელვებლად დალაშქრა.
27-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ნიკა ბანძავას კარი ამჯერად ჯაბა დვალმა აიღო.
მატჩი იმერელთა გაუთავებელი შეტევების ”აკომპანემენტით” მიმდინარეობდა და კარის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობის გაცუდების შემდეგ, 41-ე წუთზე ზესტაფონელების უპირატესობა კიდევ ერთ გატანილ გოლში აისახა - სამტრედიელთა კართან დანიშნული თავისუფალი დარტყმა გოლად გიორგი ონიანმა აქცია.
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში ოდნავ ”დამშვიდდა”, თუმცა მასპინძლები მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს მაინც მრავლად ჰქმნიდნენ. ამის მიუხედავად, სტუმართა დამწუხრება მხოლოდ ერთ ეპიზოდში მოხერხდა - 79-ე წუთზე მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა ნიკოლოზ გელაშვილის სამტრედიელთა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეჭრითა და კარისკენ ჩაწოდებით დასრულდა - რატი წინამძღვრიშვილმა თავის საქმე მშვიდად გააკეთა. ერთადერთი, რის გაკეთებაც სტუმრებმა დარჩენილ დროში მოახერხეს, აკაკი დვალიშვილის მიერ შეხვედრის 90-ე წუთზე გატანილი ”პრესტიჟის გოლი” გახლდათ. ზესტაფონელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით - 4-1 დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, კლუბისა და ზესტაფონური ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლენენ!
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. სამტრედიელებთან ”საჩემპიონო მატჩის” დასრულებისთანავე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაიწყო ზეიმი, რომელმაც მოგვიანებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა. სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, დილამდე გაგრძელდა...
აქვე გთავაზობთ ამ მატჩისადმი მიძღვნილ, სპორტულ გაზეთ "ოლიმპში" მატჩის მეორე დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას:
"ზესტაფონის საფეხბურთო ისტორიაში 2011 წლის 14 მაისი განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს. ამ დღეს ქალაქის წარმომადგენელმა საფეხბურთო კლუბმა პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები.
ალბათ ”ზესტაფონის” კონკურენტებიც კი დაგვეთანხმებიან, რომ გუნდმა ალალად იზეიმა ტრიუმფი. გია გეგუჩაძის დამოძღვრილებმა მთელი სეზონი უაღრესად სტაბილურად განვლეს...
საქართველოს ახალ ჩემპიონს უდიდესი გამოწვევა ელის წინ. ჩემპიონთა ლიგა მართლაც მეტად საპასუხისმგებლო საჯილდაო ქვაა. გვწამს, ”ზესტაფონი” არც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში შეირცხვენს თავს"...
|