Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.04.2020

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" საქართველოს ვირტუალური თასის მფლობელია!

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი ხასიათის პაუზის პირობებში, საფეხბურთო ცხოვრებამ მწვანე მინდვრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სწორედ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სპორტულმა facebook-გვერდმა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ვირტუალური თასის გათამაშების გამართვა გადაწყვიტა.

 

საინტერესოა, რომ ამ მეტად საინტერესო და სახალისო ტურნირში, რომლის მონაწილეთა შორის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ოთხი ლიგის მონაწილე ყველა გუნდი ფიგურირებდა და რომელიც თითქმის სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებას გულშემატკივართა სამრავლე და გათამაშების პროცესში მათი აქტიურობა განაპირობებდა...

 

საქართველოს ვირტუალური თასის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა გუნდმაც, რომელმაც წინასწარი ეტაპის მარტივად დაძლევისა და მერვედფინალურ სტადიაზე ვანის "სულორის" გულშემატკივრების, ანგარიშით 3-2 (ტურნირის რეგლამენტის თანახმად, გუშემატკივართა მიერ საყვარელი გუნდისთვის მიცემული ყოველი 100 ხმა ერთ "გატანილ გოლად" ფასდებოდა), ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში გავიდა.

 

რაც შეეხება მეოთხედფინალურ სტადიას, აქ ზესტაფონელებს ჩხოროწყუს "სამეგრელო" ელოდა. ვირტუალური თასის ეს მატჩი ზემოიმერელთათვის ტურნირზე გამართული ყველაზე დაძაბული დაპირისპირება გამოდგა და მათ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 32-31 მოახერხეს.

 

ამის შემდეგ, უკვე ნახევარფინალურ შეხვედრაში მარგველებმა უპრობლემოდ (13-2) დაამარცხეს თბილისის "ვიტ-ჯორჯია", რომელმაც მანამდე დაძაბულ ბრძოლაში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქუთაისის "ტორპედო" მოულოდნელად დაამარცხა. საინტერესოა ისიც, რომ მერვედფინალში ქუთაისელებმა მოახერხეს თბილისელ დინამოელთა დამარცხება...

 

შედეგად, "ზესტაფონი" საქართველოს ვირტუალური თასის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც მას მარტვილის "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" შორის შევედრაში გამარჯვებულ გუნდთან დაპირისპირება ელოდა. ბათუმელებმა ნახევარფინალი, სასწაულებრივ, დაპირისპირების ბოლო ერთ საათში ამ ტურნირისათვის სარეკორდო ანგარიშით 46-45 მოიგეს და მარტვილელთა ძალიან კარგად ორგანიზებული გულშემატკივრები ტურნირის მთავარი მატჩის მიღმა დატოვეს...

 

როგორც მოგეხსენებათ, იმერელთა მსგავსად, ბათუმელებსაც მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული ფან-კლუბი ჰყავთ, თუმცა მოულოდნელად მოხდა ისე, რომ ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 12 აპრილს გაიმართა, ზესტაფონელებმა მარტივად, ანგარიშით 32-15 მოახერხეს ძლიერი ოპონენტის დამარცხება და საქართველოს ვირტუალური თასის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებულის ტიტული და გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" რედაქციის მიერ საგანგებოდ დაწესებული თასი დამსახურებულად მოიპოვეს!

 

სულ, ვირტუალური ტურნირის მიმდინარეობისას, ჩვენს გუნდს მხარი 9 000-მდე facebook-მომხმარებელმა დაუჭირა. აქედან გამომდინარე, გვინდა მადლიერება გამოვთქვათ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფან-კლუბის, ფან-კლუბ "14-ე სექტორისა" და თვითოეული იმ გულშემატკივრის მიმართ, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების პირობებშიც კი, ყველა ჩვენგანს უდიდესი დადებითი ემოცია აჩუქა!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020