14.03.2020
ჯაბა დვალი ზესტაფონზე: სახლში დავბრუნდი!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" 35 წლის ჯაბა დვალი დაუბრუნდა. გამოცდილი ფორვარდი, ვინც იმ ძალიან კარგი "ზესტაფონის" ლიდერთაგანი გახლდათ, გულშემატკივარს დიდი სიხარული რომ აჩუქა. დვალი მარგველთა რიგებში იასპარეზებს და, ამასთან ერთად, კლუბის საქმეების მოგვარებაზეც იზრუნებს.
მაგალითად, "ზესტაფონის" თბილისური საფეხბურთო აკადემიის წარმატებებზე, რომელიც ქალაქ ზესტაფონში მოქმედი აკადემიის პარალელურად ცოტა ხნის წინ გაიხსნა თბილისის ზღვაზე.
"ლელომ" ექსკლუზიური მასალა ჩაწერა ჯაბა დვალთან, ვისაც არაერთი გადამწყვეტი გოლი გაუტანია "ზესტაფონში", "დინამოში" თუ მოლდოვურ "დაჩიაში"...
ეს აკადემია საქართველოში უნიკალურია!
"ზესტაფონის" საფეხბურთო აკადემია, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე კლუბის ბაზაზე გაიხსნა, ბატონი ილია კოკაიას კიდევ ერთი პროექტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი.
რატომ არის ეს აკადემია საქართველოში უნიკალური? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია - აკადემიაში მოსწავლე ბავშვები ივარჯიშებენ ბუნებრივ საფარზე. იმ საფარზე, სადაც ხშირად ვარჯიშობს არაერთი ქართული კლუბი და ეროვნული ნაკრები.
ინტერესი უკვე არის და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. აკადემია ჯერ ახალგახსნილია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს საცხოვრებელი ბლოკის გაკეთება, ასევე მთელი რიგი შეღავათები იყოს. მათ შორის - გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვებისათვის.
რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება მიექცევა ასევე ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო აკადემიას. ამასთან ერთად, თბილისური აკადემია კადრებს მოუმზადებს ჩვენს საფეხბურთო კლუბს.
მე სახლში დავბრუნდი - თუ ზესტაფონს დასჭირდება, "აუტჩიკიც" ვიქნები!"
"ზესტაფონი" ჩემი სახლია. მე ამ კლუბში არაერთი დაუვიწყარი წელი გავატარე. დიდი სიყვარული ვიგრძენი გულშემატკივრებისაგან და ახლაც ყოველდღე ვგრძნობდი ამას. ეს არის ის, რისთვისაც ფეხბურთელი ცხოვრობ და თამაშობს.
მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" მეოთხე ლიგაში ითამაშებს. წინა სეზონში მეხუთე ლიგაში იყო კლუბი და ფეხბურთის ფედერაციამ მეოთხე ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა რომ გაზარდა, ჩვენ სპორტული პრინციპით მოვიპოვეთ იქ ადგილი.
რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება "ორ ფრონტზე" ბრძოლა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. იმედი მაქვს, ერთად გავუმკლავდებით ყველა. ჩემთვის მნიშვნელობა ნაკლებად აქვს ფუნქციას, ოღონდ კლუბს გამოვადგე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მზად ვარ, "აუტჩიკიც" კი ვიყო, თუ ეს კლუბს დასჭირდება. არაფერზე დავიხევ უკან...
როგორი იქნება ახალი ზესტაფონი?
ჩვენი მიზანი ისაა, რომ გუნდი დაბრუნდეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რა თქმა უნდა, მეოთხე ლიგა არ არის ის, რაც აკმაყოფილებს ჩვენს გულშემატკივარს. აუცილებლად უნდა წავიწიოთ წინ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ვფიქრობ, საინტერესო გუნდი შევკრიბეთ, რომელსაც ამ ლიგაში მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია. კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ჩვენ შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი. გარდა ამისა, დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი.
გამოცდილ კადრებთან ერთად ჩვენი არჩევანი შეჩერდა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არიან ახალგაზრდულ ასაკში, ცოტა ხნის წინ თამაშობდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში და რეალურად უნდათ ფეხბურთის თამაში. ზოგიერთ მათგანს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს.
რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და რთული სეზონი იქნება. გასულ სეზონში მე თავად ვითამაშე მეოთხე ლიგაში და ზუსტად ვიცი, რომ არაა იოლი ლიგა. განსაკუთრებით გასვლითი შეხვედრები. ფართოა ჩემპიონატის გეოგრაფია. ბევრ გუნდს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს.
გულშემატკივრის წინაშე პასუხისმგებლობა დიდია. ეს ხალხი მეხუთე ლიგაში დადიოდა თამაშებზე.
რამდენჯერმე ვიყავი წინა სეზონში ზესტაფონში და იქ ნამდვილად იგრძნობოდა დიდი მუხტი. მჯერა, ისევ ჩვენს გვერდით იქნებიან გულშემატკივრები.
მე მაინც ერთ გოლს გამოვარჩევდი...
"ზესტაფონის" მაისურით არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გამიტანია. მაგალითად, "დაჩიას" კარში გატანილი ბურთები რომ ავიღოთ, მაგრამ...მე მაინც ერთ გოლს გამოვარჩევდი, თუ გამორჩევაზე მიდგება საქმე.
ეს არის "ბრიუგეს" კარში გატანილი გოლი, რომელიც თბილისურ შეხვედრაში შევაგდე. მაშინ ჩვენ თითქოს უიმედოდ ვაგებდით. ორმაგად მტკივნეული იყო ის წარუმატებლობა ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. ამ გოლმა მუხტი მოგვცა. თამაში შემოტრიალდა და, როგორც გახსოვთ, ფრედ მორჩა...
ის "ზესტაფონი" ძალიან ძლიერი გუნდი იყო ძლიერი მწვრთნელით, გია გეგუჩაძით. სულ ცოტა დაგვაკლდა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე. არავის არაფერი დაგვიკლია. ყველა მაქსიმალურად ვცდილობდით. ალბათ, ცოტა იღბალი დაგვაკლდა. ეს რომ გაგვეკეთებინა, არა მხოლოდ "ზესტაფონის" ქომაგებს, არამედ მთელ საქართველოს გულშემატკივრებს გავახარებდით.
უცხოეთში ბევრი რამ ვისწავლე...
ლეგიონერს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მეზობელ ქვეყანაშიც რომ გადახვიდე, ერთი საათთის სავალზე და იქ ითამაშო, მაინც დიდია პასუხისმგებლობა, რადგან შენ ქვეყანას წარმოადგენ.
ძალიან წარმატებული პერიოდი მქონდა მოლდოვურ "დაჩიაში". მერე ისე მოხდა, რომ ფეხი მოვიტეხე და ისე მოხდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ არანაირი ყურადღება აღარ მომაქცია. აღვიდგინე ფორმა და "ზესტაფონი" დაჩიას" შეხვდა ჩემპიონთა ლიგაზე. უზომოდ ვიყავი მოტივირებული. რა და როგორ მოხდა, ყველას ახსოვს. ჩვენ "დაჩიას" ბარიერი გავიარეთ...
მერე იყო "შტურმი". გიორგი ხიდეშელი დაგვემტვრა მოლდოვურ მატში, თორემ მიმაჩნია, რომ ავსტრიული ბარიერის გავლა არ იქნებოდა პრობლემა. ისედაც არაფერი დავუთმეთ ავსტრიელებს. მერე "ბრიუგე" იყო - მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ გვაჯობა. იმ "ზესტაფონს" საქართველო ევროთასებზე არასოდეს შეურცხვენია!
ცოტა ხანს ვითამაშე აზერბაიჯანულ "ყარაბახში", მაგრამ დღემდე დიდი პატივისცემით ვიხსენებ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, გურბან გურბანოვს. გეგუჩაძესთან ერთად ის არის საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც კარიერაში მიმუშავია. არ მიკვირს, მთელი ეპოქა რომ შექმნა "ყარაბახში".
ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება აქვს...
კარიერის განმავლობაში ბევრი მეკითხებოდა, თუ რატომ მოხდა და ხდებოდა ისე, რომ საქართველოს ნაკრებში პრაქტიკულად არ მიმიღია თავის გამოჩენის შანსი. უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მთელი კარიერის მანძილზე ეს იყო ჩემი მიზანი და, ალბათ, ყველა ფეხბურთელის მიზანიც არის, რომ ნაკრებში ითამაშოს. არ არსებობს ამაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობა.
და მაინც, ვერცერთ მწვრთნელს ვერ გავუბრაზდები. ყველას აქვს თავისი გემოვნება და ყველა ინდივიდუალურად უყურებს მოვლენებს. მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ გუნდი თავისი გემოვნებით დააკომპლექტოს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. დანარჩენი მათი გადასაწყვეტი იყო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ნაკრებს მინდა წარმატება ვუსურვო ბელარუსთან შეხვედრაში. იმედი მაქვს, ყველა ერთად გავიხარებთ! ასევე მინდა ვისურვო, რომ ჩვენი და მთლიანად მსოფლიოს ფეხბურთი დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს...
|