Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.03.2020

 

 

 

 

 

 

 

"მწვანეები" "წითლების" წინააღმდეგ

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2020 წლის სეზონისათვის მზადების პირველი ეტაპი დღეს გამართული ორმხრივი შეხვედრით დაასრულა. გუნდის დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და ზესტაფონის ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ წინასწარი გეგმის მიხედვით, დღეს ლანჩხუთის "ჩიბათის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო გურულებმა უარი განაცხადეს დღევანდელ სპარინგში მონაწილეობაზე. შედეგად, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სწორედ დღევანდელი შეხვედრის ფორმატი დაგეგმა...

 

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

”მწვანეები”: მიქავა, სირაძე, ხუხუა, მოსიძე, სამხარაძე, ზარნაძე, ნანობაშვილი, ხარშილაძე, ბერაძე, დვალი.

”წითლები”: ბ. გიორგაძე, ვარდოსანიძე, გულხადარაშვილი, ჩხიკვაძე, სამხარაძე, ბუბულაშვილი, ხარაიშვილი, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი.

 

შეხვედრა, რომელშიც 10-კაციანმა გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო, თუმცა მათ რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი გაანიავეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ კიდეც - ბაჩო მიქავას კარი ზუსტი დარტყმით ჯაბა დვალმა აიღო. ანგარიშში დაწინაურებიდან სამიოდე წუთში კი ”მწვანეთა” უპირატესობა ორამდე ლაშა ნანობაშვილმა გაზარდა...

 

ამის შემდეგ ისევ "წითლები" გააქტიურდნენ და ნოდარ გაჩეჩილაძის დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, პირველი ნახევარი მაინც ”მწვანეთა” ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა - თავი ორივე გუნდის შეტევით ფაზაში მოასპარეზე "ნეიტრალურმა" გიორგი სამხარაძემ გამოიჩინა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში "წითლებმა" ოპონენტთა დამწუხრება კიდევ ერთხელ მოახერხეს - ნოდარ გაჩეჩილაძემ "დუბლი" შეასრულა. მალევე "ვიზავის" ჯაბა დვალმა უპასუხა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა კობა გოგობერიშვილმა ანგარიში ისევ მინიმუმამდე შეამცირა - 4-3.

 

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ”მწვანეების” შეტევების აკომპანენმენტით წარიმართა და მათ კიდევ ორჯერ მოახერხეს "წითლების" დამწუხრება - გატანილი გოლები ირაკლი ზარნაძისა და ბაჩო ბერაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო დაპირისპირება ”მწვანეთა” გამარჯვებით, ანგარიშით 6-3 დასრულდა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მცირე პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ალექსანდრე გიორგაძემ და ბექა ზაქრაძემ ვერ მიიღეს. ეს ფეხბურთელები მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან...

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სეზონისათვის მზადების პირველი ეტაპი დღეს დასრულდა. გუნდი ორ დღეს დაისვენებს და ვარჯიშს 15 მარტს განაგრძობს. შემდეგი სპარინგ-მატჩი კი 18 მარტსაა დაგეგმილი - ამ დღეს ზესტაფონელები საკუთარ ბაზაზე უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებენ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020