29.02.2020
ჩემპიონატის დებულება და ლიგა-4-ის კალენდარი
ორიოდე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2020 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული.
ტურნირის ჩატარების დამტკიცებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას ლიგაში თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "ვიტ-ჯორჯია-2", "მერანი-2" და "დიდუბე-2014", მარნეულის "ალგეთი", ქედის "ბეთლემი", საფეხბურთო კლუბები "ცხინვალი", "ბორჯომი" და "ჭიათურა", ვანის "სულორი", ხონის "იმერეთი", ზუგდიდის "ოდიში-1919", სენაკის "ეგრისი", ჩხოროწყუს "სამეგრელო" და წალენჯიხის "სქური" გაუწევენ...
აქვე გვინდა ეროვნული ჩემპიონატის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "ლიგა 4-ის გათამაშება ჩატარდება ორ წრედ (თითო მატჩი შინ და სტუმრად)... ლიგა 4-ში ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ თამაშის უფლებას ლიგა 3-ში. მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ადგილებზე გასული გუნდები შეინარჩუნებენ ადგილს 2021 წლის ლიგა 4-ის გათამაშებაში, ხოლო მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექსვემეტე ადგილებზე გასული გუნდები 2021 წელს ითამაშებენ რეგიონულ ლიგაში".
სეზონი ზესტაფონელთათვის აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება - ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება (კონკრეტული თარიღები სფფ-ში უახლოეს პერიოდში გასამართი კენჭისყრის პროცედურის შედეგად გაირკვევა).
რაც შეეხება 2020 წლის ჩემპიონატს, ის ზესტაფონელთათვის 8 აპრილს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებს, 16 აპრილს კი სენაკს ესტუმრება და ადგილობრივ "ეგრისს" დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2020 წლის გათამაშების პირველი წრის კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).
|