25.02.2020
”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. იმერული გუნდი 24 თებერვალს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2020 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს გათამაშებაში ჩაერთვება. უკვე ცნობილია, რომ ამ ტურნირის საორგანიზაციო ამბებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია გაუძღვება.
ტურნირის ჩატარების შესახებ არსებული (მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი) პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ლიგა-4-ს ტურნირში მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "ვიტ-ჯორჯია-2", "მერანი-2" და "დიდუბე-2014", მარნეულის "ალგეთი", ქედის "ბეთლემი", საფეხბურთო კლუბები "ცხინვალი", "ბორჯომი" და "ჭიათურა", ვანის "სულორი", ხონის "იმერეთი", ზუგდიდის "ოდიში-1919", სენაკის "ეგრისი", ჩხოროწყუს "სამეგრელო" და წალენჯიხის "სქური" გაუწევენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ზემოიმერლები საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში გადიან. პირველ ვარჯიშში გუნდის შარშანდელი შემადგენლობის წარმომადგენელი 10 ფეხბურთელი მონაწილეობდა. რამდენიმე ახალწვეული კი გუნდს 27 თებერვალს შეუერთდება...
|