13.02.2020
"ზესტაფონი" ლიგა-4-ში იასპარეზებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ინიციატივით, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ დებულებაში ცვლილებები შედის და 2020 წელს ლიგა 4-ში 16 გუნდი იასპარეზებს - რეგიონული ლიგიდან ლიგა 4-ში დაწინაურებულთა შორის საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიც" იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს რეგიონული ლიგიდან მე-4 ლიგაში დაწინაურების უფლება ვანის "სულორმა" და "ვიტ ჯორჯია-2"-მა მოიპოვეს, ხოლო ხონის "იმერეთი" და მარნეულის "ალგეთი" ლიგიდან გავარდა. თუმცა, ცვლილებების შედეგად, ლიგა 4-ში გუნდების რაოდენობა 10-დან 16-მდე გაიზარდა...
ამ ცვლილების შედეგად, ლიგა 4 აღარ დატოვეს ხონის "იმერეთმა" და მარნეულის "ალგეთმა" და ამ გუნდებს რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზედა ჯგუფის მე-2 და მე-3-ადგილოსნები დაემატნენ. რეგიონული ლიგის დასავლეთ ზედა ჯგუფში მე-2-ზე "ზესტაფონი" გავიდა, მესამეზე - წალენჯიხის "სქური". ხოლო აღმოსავლეთში კი მეორე ადგილი თბილისის "მერანი-2"-მა დაიკავა, მესამეზე კი "ცხინვალი 2" გავიდა. მაგრამ "ცხინვალის" მთავარი გუნდი ლიგა 4-ში დააქვეითეს და ერთი კლუბის ორ გუნდს ერთსა და იმავე ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. ამ მიზეზით "ცხინვალი 2" მეოთხეადგილოსანმა "დიდუბე-2014"-მა ჩაანაცვლა.
საბოლოოდ, 2020 წელს, ლიგა 4-ს 6 გუნდი დაემატა: "ზესტაფონი", ხონის "იმერეთი", მარნეულის "ალგეთი", წალენჯიხის "სქური", "მერანი 2" და "დიდუბე 2014".
თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეს 6 გუნდი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან არა ლიგა 4-სთვის გათვალისწინებულ 150 000 ლარს, არამედ რეგიონული ლიგის კლუბისთვის განკუთვნილ 50 000 ლარს მიიღებს.
აღნიშნული 6 კლუბიდან ნებისმიერს (ან ყველას) შეეძლო უარი ეთქვა ლიგა 4-ში გამოსვლაზე და რეგიონულ ლიგაში ეთამაშა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უარი არცერთ მათგანს არ უთქვამს.
www.sportall.ge
|