Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.02.2020

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

[ოთხშაბათის საკითხავი] შიშველი სიმართლე

 

 

 

 

დღეს, 5 თებერვალს, სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ქართულ საკლუბო ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მასალაში, რიგ სხვა საკითხთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებულ ამბებზეც საუბრობენ, ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ჩვენი დღევანდელი წერილი ძალიან ვრცელი გამოვა. არის ხოლმე თემები, მოკლედ ნათქვამით რომ მოერევა კაცი. ეს ისეთი თემაა, ვერ შეძლებ, რაც არ უნდა მოინდომო, რადგან წერილის თემები, რომლის წარდგენასაც ვაპირებ მკითხველისათვის, ჯაჭვური რეაქციით გადადის ერთიდან მეორეზე და თუ სათქმელი ბოლომდე არ ამოწურე, ისე ვერაფრით გახვალ ბოლოში, ან გახვალ და ხელთ არაფერი შეგრჩება...

 

სანამ უშუალოდ მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთს დავწერ - ძალიან, ძალიან მინდა, ამ წერილის დედააზრი კარგად, უფრო ზუსტად, სწორად იყოს აღქმული მკითხველის მხრიდან, რადგან თემა იმდენად მნიშვნელოვანია და მრავალწახნაგოვანი, მართლაც უფაქიზეს მიდგომას მოითხოვს ჟურნალისტის მხრიდან. ვცდი და რა გამომივა, ერთად ვნახოთ...

 

..."ტორპედო უნდა გადარჩეს!" - ეს სლოგანი დღეს ძალიან პოპულარულია საფეხბურთო საქართველოში. "ფეისბუქს" ან სხვა სოციალურ ქსელს გახსნი და ბევრი ადამიანის მთავარი სათქმელი ესაა - ფოტოებშიც ძალიან ხშირად შეხვდებით ამ მოწოდებას თუ სურვილს...

 

"ტორპედო" რომ უნდა გადარჩეს, ამას თავიდან ბოლომდე მეც ვიზიარებ. მეც ვაფასებ "ტორპედოს" ისტორიას, ვაფასებ მის დღევანდელობას... "ტორპედო" არის ჩვენი ფეხბურთის ისტორია და, რა თქმა უნდა, ის უნდა გადარჩეს. მაგრამ აქ საკითხავი სხვა რამეა...

 

ვინ და რა ფორმით უნდა აგოს პასუხი იმ დიდ ვალზე, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ აიკიდა თავის დროზე? პირადად მე არ მინახავს, მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ  კლუბის მაშინდელ ხელმძღვანელს მართლაც რომ კოლოსალური ხელფასი ჰქონდა და... ამ პირობებში კიდევ ვალები?!

 

არავის ცუდად ყოფნა არასოდეს გამხარებია და არც გამიხარდება. არც ის მინდა, რომ ვინმე ოთხ კედელშუა მოამწყვდიონ... ბოლოს და ბოლოს, არც გამომძიებელი ვარ და არც ბრალმდებელი - უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს: ნუთუ, არ არის ეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს? ნუთუ, ეს ვალი ისე, თავისთვის, ცარიელ ადგილას გაჩნდა?

 

არის ბევრი კითხვა, მაგრამ პასუხექმ არ გვაქვს. ეს უკვე ძალიან ცუდია. ჰოდა, ამიტომაც ვრცელდება კიდეც ათასი ჭორ-მართალი იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ მოხდა "ტორპედოში". ვრცელდება იმის თაობაზე, რომ მავანმა "ვიღაც აზერთან", ერთ ღამეში, ბათუმის თუ თბილისის ერთ-ერთ კაზინოში დიდი ფული წააგო და ამას შეეწირა ბევრი რამ "ტორპედოში".

 

მე არ ვიცი, მართალია თუ არა ეს და კიდევ ბევრი სხვა მითქმა-მოთქმა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და კიდევ ისიც ვიცი, რომ გუნდი ასეთ დღეში არაფრის გამო არ ვარდება. მაგრამ ის კი ფაქტია და ორი აზრი არ არის იმაში, რომ "ტორპედო" ამ დღემდე ხელმძღვანელობის, რბილად რომ ვთქვათ, არასწორმა ქმედებებმა ჩააგდო.

ჩვენ კარგად ვხედავთ - ფეხბურთის ფედერაცია, ამა თუ იმ ფორმით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "ტორპედო" გადარჩეს. ეს სხვა თემაა და მას ამავე წერილში აუცილებლად მივუბრუნდებით. მანამდე კი სხვა ვთქვათ: ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა თუ ყველა ის, ვინც რაღაც ვერ გათვალა - ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც "ტორპედოში" მოხდა. ის ინვესტორი ხალხის ფულზე მოვიდა და მანამდე უნდა გამოკვლეულიყო ყველა რისკფაქტორი, თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა და აგერ ფაქტიც!..

 

ვინმემ მოიკითხა ან მოითხოვა რამე? არ მინდა, დავიჯერო, რასაც ამბობენ, რომ თითქოს ვიღაც ვიღაცის ძმაკაცია, რომ ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად - პირს... ფაქტი ის არის, რომ ყოველივე ამან "ტორპედო", ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, კატასტროფის პირას მიიყვანა და გარდა ამისა, არის ვალი იქ, სადაც ვალი არანაირად არ უნდა იყოს.

 

...ზემოთ დავწერე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისის "ტორპედოს" გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს-მეთქი. ამ შემთხვევაში მეც მანდ ვარ და ძალიანაც მინდა, რომ გადარჩეს. ეს ხალხი, ეს ფანობა, ვინც დღეს, დიდი გაჭირვების ხანაში, საკუთარი გუნდის დიდი სიყვარულით ათენ-აღამებენ, ამას იმსახურებენ, მაგრამ...

 

ეს არის მედლის ერთი მხარე. ამ შემთხვევაში მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ, გამოჩნდა ადამიანი, ვინც ცოტა სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს და მას ექნებოდა რამდენიმე კითხვა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან პასუხს აუცილებლად მოითხოვს...

 

მაგალითი პირველი

 ყველას ახსოვს, "ვიტ ჯორჯიამ" თავის დროზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა. მაშინ  "ვეტერინარებმა" ქართულ საკლუბო ელიტაში ვერ ითამაშეს. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ლიცენზირების პროცესი ვერ გაიარა. უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, მაშინ ითქვა, რომ იყო გასახდელებისა და დამხმარე სათავსოების პრობლემაა. უკვე რამდენი ხანია, "ტორპედოს" უგრძელებენ ვადას, ელიან ახალ ინვესტორებს, "ვიტ ჯორჯია" კი ეგრევე გაიწირა!..

 

მაშინ ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ "ვეტერინართა" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს არ აპატია, რომ არჩევნების დროს სხვა ბანაკში გახლდათ... ასე იყო თუ ისე, რუხაძე შეურიგდა შექმნილ სიტუაციას და დიდი აურზაური არ აუტეხავს. ისიც, ისევე როგორც სხვა ინვესტორები, კარგად მოერგო სახელმწიფოს მიერ შექმნილ სქემას, რომლის მიხედვითაც კერძო ინვესტორები ცოტას ხარჯავენ და ძირითადად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სუფსიდიაზე არიან. საქმეს დაჭირდა და რუხაძე ვახსენეთ, თორემ ჩემი აზრით, მას ჩვენს ფეხბურთს შემორჩენილ ინესტორთაგან ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. იმ ვადაში, რაც ფედერაციამ "ტორპედოს" მისცა, "ვიტ ჯორჯია", ალბათ, ბევრ გასახდელსა და კიდევ მეტ ტუალეტს აშენებდა, მაგრამ... ვინ აცალა?!

 

მაგალითი მეორე

"ზესტაფონის" გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან საკითხავი ბევრი აქვს. გეხსომებათ, სფფ-ის წინა მესვეურებმა გუნდი ჩემპიონატიდან მოხსნეს. რა და როგორ იყო მაშინ, ამის განვრცობას აქ აღარ შევუდგებით...

 

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაშინდელი კანდიდატი ლევან კობიაშვილი ზესტაფონში ჩავიდა და ადგილობრივ გულშემატკივარს დაპირდა, რომ მათი საყვარელი გუნდი კუთვნილ ადგილს დაიბრუნებდა. რა თქმა უნდა, ეს "კუთვნილი ადგილი" უმაღლესი ლიგა იყო, რადგან არსებობის ისტორიაში "ზესტაფონს" სხვაგან არსად უთამაშია...

 

დღევანდელი მდგომარეობა ყველამ კარგად იცის - "ზესტაფონი" დაბალი ლიგებიდან ცდილობს გზის გაკვლევას სულ ზემოთ და ზემოთ... არც ამ შემთხვევაში ყოფილა არანაირი თავზე ხელის გადასმა... გაიწირა ყველა ქართული ტიტულის მომპოვებელი გუნდი. არგუმენტი - "კოკაიას აღარ უნდოდა ფეხბურთი" - არ გამოდგება, რადგან უმაღლეს ლიგაში კი არა, თვით მე-5 ლიგაშიც კი ილია კოკაია ბევრ უმაღლესლიგელ ინვესტორზე მეტ ფულს ხარჯავს, თანაც - საკუთარ ფულს და არა - ფონდისას...

 

ჰოდა, გინდა თუ არა, ის მაკვარანცხი გულშემატკივარი, რომელიც კითხვებს უსვამს "ქართული ფეხბურთის სახლის" ბინადრებს, იმასაც იკითხავს - მაშინ რატომ არ იყო ფეხბურთის ფედერაცია ასეთი შემწყნარებელი? იმიტომ ხომ არა, რომ მაშინ არჩევნები ჯერ არ იყო კარსმომდგარი და თითოეულ ხმასაც არ ედო ოქროს ფასი?

 

მით უმეტეს, ჩვენი ფედერაციის პოლიტიკური გემოვნების ამბავი საკითხავიც არ არის და სულ აპოლიტიკური ხალხიც რომ იჯდეს ფეხბურთის ფედერაციაში, ის დამოუკიდებელი ვერაფრით იქნება, რადგან ქართული ფეხბურთი სახელმწიფოს ფულით სულდგმულობს და ოდინდელი ჭეშმარიტებაა, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.

 

...მერე ის მაკვარანცხი თუ ცნობისმოყვარე ქომაგი "ცხინვალზეც" დასვამს კითხვას - არ არის გამოსაკვლევი, რა და როგორ მოხდა ამ კლუბში?! ეს გუნდი დღეს ჰაერშია გამოკიდებული თავისი ვალებით. თანამშრომლებს კაი ხანია, ხელფასი არ აუღიათ. ერთი აუქციონი უკვე იყო და ამბობენ, მალე მეორე უნდა იყოსო. კი ბატონო, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, ამხელა ვალი ვინმემ გაისტუმროს. მით უმეტეს, საუბარია კლუბზე, რომელსაც არ აქვს ბაზა, სტადიონი და ასე შემდეგ...

 

იმასაც ამბობენ - თუ ვალს ვერ გადაიხდის, "ცხინვალი" მაინც ითამაშებს მეოთხე ლიგაში, რადგან ამ ლიგას "პროფესიულის" სტატუსი არ აქვსო. როგორ, ბატონებო?! - იკითხავს ის ცნობისმოყვარე ქომაგი, - მეოთხე ლიგა ხომ ფინანსდება და ფული ისევ იმათ უნდა ჩავუგდოთ ხელში, ვინც თავის დროზე ეს ვალები აიკიდა?!

 

მთავარია "შიშველი სიმართლე", თორემ, როცა საქმეს დასჭირდა, თვით "იუვენტუსი" და "გლაზგო რეინჯერსიც" არ დაინდესო, - ჩაილაპარაკებს ის კაცი...

* * *

და ბოლოს - ძალიან მწვავე განცხადება გამომივა, მაგრამ "შიშველი სიმართლეა" და უნდა დავწერო: ქართულ ფეხბურთში 5 ლიგაა და ხუთივე ლიგის კლუბები ფინანსდებიან სახელმწიფოს ფულით. როცა არის ვალები და არის აუღებელი ხელფასები, გამოდის ის, რაც დეფიციტია ჩვენს ფეხბურთში - პატიოსნება და საქმის პატიოსნად მკეთებელი ხალხი!

 

როცა სახელმწიფოს ფულს იღებ, იღებ იმდენს, რომ უნდა გეყოს ხელფასებში და ვალი არ გქონდეს, მაგრამ რატომღაც გიგროვდება ეს ვალი, გამოდის, რომ მინიმუმ არაფერი გაგეგება მენეჯმენტის. საბოლოოდ კი მივდივართ დანაშაულამდე და ცუდია, როცა ამას არავინ სჯის. ეს უკვე, ნებსით თუ უნებლიედ, დანაშაულის წახალისებაა. ფაქტები სახეზეა და რაღად უნდა ამას დებულება და იწილო-ბიწილო?!

 

არის ერთიც: როცა ფეხბურთელს  თუ თანამშრომელს სთავაზობ იმაზე მეტს, ვიდრე შესაძლებლობა გაქვს, თავიდანვე მიდიხარ ტყუილზე. და ფეხბურთელებო, მწვრთნელებო - ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტები, რაც სათაკილო ნამდვილად არ არის - 5 ლარი რომ გაქვს და 20-ს მპირდები, საიდან უნდა გადამიხადო?!. ნახევარი წელი რომ კაცი ხელფასს ვერ მიიღებს, ის მერე ყველაფერზე წავა...

 

ზოგიერთ დაბალ ლიგაში ჯერაც გაურკვევლობაა და კლუბებმა არ იციან, რისთვის მოემზადონ, რამდენგუნდიანი იქნება, მაგალითად, მეოთხე და მეხუთე ლიგები. დრო მიდის, კითხვები კი რჩება. პასუხები სჭირდება ამ კითხვებს!"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020