Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.12.2019

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

 

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა მორიგი საფეხბურთო სეზონი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი გუნდის მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ჩატარებული მატჩების სტატისტიკა უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, 11-ჯერ იასპარეზა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და ამ ტურინირში გამართა 350 მატჩი; აქედან 188 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 90-ში კი დაფიქსირდა ზესტაფონელთა მეტოქეთა გამარჯვება; ბურთების სხვაობაა 562-331. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 636 ქულა.

 

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩვენი გუნდი ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, სადაც ამ დროის მანძილზე გამართა 55 მატჩი, აქედან 37 დასრულდა ზესტაფონელების გამარჯვებით, 7 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 11-ში კი მოიგეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა; ბურთების სხვაობაა 160-62. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 118 ქულა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისურ "დინამოსთან", "ვიტ-ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ქართული კლუბების ოთხეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "კვარტეტის" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია...

 

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ შექმნის დღიდან ”ზესტაფონს” გამართული აქვს 76 მატჩი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში, რომელთაგან 44 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 16 დასრულდა ფრედ, 16 -ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 141-60 მარგველთა სასარგებლოდ.

 

საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ.

 

ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 24 მატჩი, რომელთაგან 6 დასრულდა მათი გამარჯვებით, 7 დასრულდა ფრედ, 11-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-31 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

 

საინტერესოა, რომ ევროპული საკლუბო ტურნირებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ევროპა ლიგის გათამაშების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკი სწორედ "ზესტაფონის" ფეხბურთელმა ჯაბა დვალმა შეასრულა. მარგველთა ფორვარდმა ჩრდილოირლანდიურ "ლისბერნთან" 2009 წლის 9 ივლისს ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში ბრიტანელთა კარი 3-ჯერ დალაშქრა...

 

თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი მოგახსენებთ, რომ სულ, 2019 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 508 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს 276 გამარჯვება და 103 ფრე, განცდილი აქვს 129 მარცხი, მეტოქეთა კარში აქვს გატანილი 901 და საკუთარში მიღებული 486 ბურთი...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019