სულ რამენიმე კვირის წინ დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი. ეს პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას. მთელი საქართველოს მასშტაბით მასში 94-მა ფეხბურთის სკოლამ, მათ შორის საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული პროექტის ინიციატორი გახლავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდი ახორციელებს. დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინასწარ წერილობით თანხმდება ფონდთან.
მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა ჭაბუკთა გუნდმა, კლუბის წარმომადგენლებმა და ჭაბუკთა მშობლებმა მიიღეს...
ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესის ფარგლებში შეძენილი ეკიპირება და სპორტული ინვენტარი (სათამაშო ფორმის 2 კომპლექტი, ბურთები, კარის ბადის კომპლექტი, გადასაცმელები, ნიშნულები) ჭაბუკებს ჩვენი გუნდის ვეტერანმა ფეხბურთელმა, მრავალი წლის მანძილზე "ზესტაფონის" კაპიტანმა ჯაბა დვალმა გადასცა.
მომავალ სეზონში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი გეგმავს 15-წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობას. ამის შესახებ ჩვენმა კლუბმა წერილობით უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძვანელობას.