14.12.2019
"რეტროსპექტივა": სარეკორდო გამარჯვება "დინამოსთან"
დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" ჩვენი გუნდის მიერ ზუსტად რვა წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ -2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” დაუპირისპირდა.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოასპარეზე მარგველებისა და საქართველოში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტულის მფლობელი თბილისის დინამოელთა რვა წლის წინანდელი მატჩი იმერული კლუბის ისტორიაში გამართულ საუკეთესო შეხვედრათა რიგს უდავოდ მიეკუთვნება. 2011-2012 წლების სეზონში ესპანური სამწვრთნელო შტაბითა და ლეგიონერებით გაძლიერებული "დინამო" მორიგი მწვერვალის დასაპყრობად ემზადებოდა, თუმცა წინ მას მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლ "ზესტაფონთან" დუელი ელოდა...
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ნულოვანი ფრით დასრულდა, საბოლოოდ საქმე სტუმართა რბევით დასრულდა... გარდა იმისა, რომ ზაალ ელიავას მიერ ამ შეხვედრაში გატანილი მეოთხე გოლით მარგველებმა უმაღლესი ლიგის მატჩებში საკუთარი საგოლე მონაგარი 400-მდე გაზარდეს, ამ მატჩში დაფიქსირებული წარმატება ზესტაფონელთათვის დღემდე თბილისის დინამოელებთან დაპირისპირებებში მოპოვებული სარეკორდო გამარჯვება გახლავთ.
შეხვედრის პირველ ნახევარში სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე კი ანგარიში გაიხსნა - 51-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძის ფლანგური გარღვევა საჯარიმოს ცენტრში გაკეთებული გადაცემით გაგრძელდა, იქ კი ბურთთან პირველი შოთა გრიგალაშვილი გაჩნდა და დინამოელთა კარის ბადე აუღებელი დარტყმით შეარხია.
59-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანზე წამოწყებული კიდევ ერთი იერიში პირველი გოლის ავტორის საჯარიმოში შეჭრითა და უძლიერესი დარტყმით გაგრძელდა და მას შემდეგ, რაც ურთულესი ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია, თორნიკე გორგიაშვილის მახვილგონივრული საგოლე შეხებით დასრულდა. 71-ე წუთზე ანგარიში დიდამდე გაიზარდა - მას შემდეგ რაც თორნიკე აფციაურმა დინამოელებს ბურთი ჩაუჭრა, მას ნიკოლოზ გელაშვილი დაეუფლა და შეტევის ხაზში თავის მეწყვილე ჯაბა დვალი თბილისელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმაც ყველაფერი ცივსისხლიანად გააკეთა - 3-0.
მოვლენათა ასეთმა განვითარებამ სტუმრები აიძულა შეტევის ხაზში ეაქტიურათ და 85-ე წუთზე დავით ოდიკაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ლამაზი გოლით თავი გიორგი თექთურმანიძემ გამოიჩინა. ზესტაფონელებმა ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა ზუსტად სამ წუთში აღადგინეს - შოთა გრიგალაშვილმა ოსტატური გადაცემით დინამოელთა გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა ზაალ ელიავა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი გიორგი ლორიას დღევანდელი უსიამოვნებები მასთან პირისპირ ნიკოლოზ გელაშვილის გასვლით, გოლკიპერის მიერ მასპინძელთა ფორვარდის წესების დარღვევით შეჩერებით, მისი მოედნიდან გაძევებითა და ”დინამოს” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დასრულდა. პენალტის შესრულება საკუთარ თავზე თავად დაზარელებულმა აიღო და დინამოელთა განადგურებას წერტილიც დაუსვა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-1.
”ზესტაფონისა” და თბილისის ”დინამოს” მატჩის დასრულების შემდეგ სპორტულმა მედიამ და ფეხბურთის სპეციალისტებმა ”დავით აბაშიძეზე” განვითარებული მოვლენები შეაფასეს:
გაზეთი "ლელო": ”თასზეც და პირველობაზეც "ზესტაფონი" ისეთ თამაშს უჩვენებს, წესითა და რიგით, მეტოქეთა ქომაგებისგანაც ეკუთვნის კომპლიმენტები! ტურისა და, ალბათ, პირველი ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის ტელევიზიის საშუალებით თვალს ბევრი მიადევნებდა და ამ მართლაც გამორჩეული შეხვედრის პერიპეტიებზე დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ...
ერთი-ორჯერ ადრეც მომხდარა, როცა "ზესტაფონს" ან "დინამოს" ერთმანეთში ჩატარებულ მატჩში ოთხი ბურთი გაუტანიათ, მაგრამ ასეთი უპირატესობა რომ ჰქონოდა რომელიმეს, რაღაც ვერ გაგვიხსენებია!
"ზესტაფონმა" მეორე ტაიმში, როგორც იტყვიან, წალეკა მეტოქე და ერთი-მეორეზე ეფექტური და გააზრებული შეტევები დაატეხა თავს! კიდევ ვიმეორებთ: ამ მატჩის დეტალურ აღწერას აღარ შევუდგებით, უბრალოდ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვებით "ზესტაფონმა" ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა საჩემპიონო განაცხადი! იმაზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს;
... დაბოლოს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "ზესტაფონმა" პირველად შეძლო "დინამოს" კარში 5 გოლის გატანა; საერთოდ კი, "დინამომ" ხუთი ბურთი უკანასკნელად 2004 წლის 25 ოქტომბერს გაუშვა: ავლაბარში, სკა-ს სტადიონზე, გიორგი დევდარიანის "თბილისმა" 5:0 მოუგო ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია - დინამოელთა კარში მაშინაც ხუთ სხვადასხვა ფეხბურთელს გაჰქონდა გოლები”...
გელა სანაია: ”ანგარიშისგან განსხვავებით, მატჩის შედეგი ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. დღეისთვის "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო გუნდია, რაც კიდევ ერთხელ და, რაც მთავარია, ძალიან თვალსაჩინოდ დაამტკიცა.
"ზესტაფონი" ძლიერია როგორც ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაშით, ასევე კოლექტიური მოქმედებით. გუნდი იდეალურადაა შეთამაშებული, ამას ფეხბურთელთა მონაცემები, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და გამართული საკლუბო ინფრასტრუქტურა დაამატეთ და წარმატების რეცეპტსაც მიიღებთ” ...
გაზეთი "ოლიმპი": ”კარგად გვახსოვს პირველი საშინაო მატჩი ბელგიურ "ბრიუგესთან". მაშინ "ზესტაფონი" ნამდვილი კატასტროფის წინაშე იდგა და მეორე ტაიმმა ჩვენი მწუხარება ზეიმით შეცვალა - რა თქმა უნდა, უდიდესი იყო ფეხბურთელების როლი, მაგრამ მთავარი მაინც მწვრთნელის ხასიათი, მისი პიროვნული თვისებები გახლდათ. იმ თამაშს ბევრი ნამდვილად ვერ მოატრიალებდა, გია ჭიაბრიშვილმა კი ეს შეძლო.
"ზესტაფონში" ჭიაბრიშვილი ცოტა ხანია, მუშაობს, მაგრამ სათქმელი გვარიანად დაგროვდა. უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად უნდა გავემიჯნოთ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ინერციით თამაშობს.
არამც და არამც! ჭიაბრიშვილი თავისი ახალი იდეებით გამოჩნდა სამწვრთნელო ასპარეზზე და ვინც მარგველთა თამაშს ხშირად უყურებს, ამაში უდავოდ დაგვეთანხმება.
რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" წინაშე ძალიან დიდია გია გეგუჩაძის ღვაწლი. უბრალოდ იმის თქმა გვსურს, რომ ჭიაბრიშვილი არ არის გეგუჩაძის კლონი. თუ ადრე "ზესტაფონი" ძირითადად ცენტრიდან უტევდა მეტოქის კარს და აშკარად უჭირდა დაცვაში ჩამჯდარი გუნდების წინააღმდეგ თამაში (ძირითადად ფავორიტებს სწორედ ასეთ კლუბებთან უწევთ გამკლავება საქართველოს ჩემპიონატში), ახლა სურათი შეიცვალა. თავისი დივიდენდები მოაქვს გაშლილ ფეხბურთს, ფლანგების მაქსიმალურ გამოყენებას”...
|
14.12.2011 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 5-1 |
"ზესტაფონი" კვასხვაძე, ღონღაძე, ონიანი, საჯაია (კობახიძე, 76), ელიავა, ძარია (ბაბუნაშვილი, 79), გორგიაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური, გელაშვილი, დვალი (ბენაშვილი, 76).
დაწვრილებით: |
ჩვენ კი "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ შეხვედრის საინტერესო მომენტების ვიდეოკოლაჟსა და რამდენიმე ფოტოსურათს გთავაზობთ...
|