Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

უხვგოლიანი მატჩი სამეგრელოში

 

 

 

 

 

2019 წლის 20 ნოემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდნენ.

 

ორივე კოლექტივმა მიმდინარე სეზონში "კლასში" დასაწინაურებლად გაჩაღებულ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა კი მიიღო, თუმცა, საბოლოოდ რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფში" პირველი პოზიციის დაკავება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. წალენჯიხელებმა შანსი წინა ტურში ვანის "სულორთან" მარცხის შემდეგ დაკარგეს, რაც შეეხება ზესტაფონელებს, მათ ბრძოლის გასაგრძელებლად დღეს "სქურის" დამარცხება და უპირობო აუტსაიდერ "მარგვეთი-2006"- მიერ სწორედ ვანში პირველი ქულების მოპოვება ესაჭიროებოდათ...

 

საბოლოოდ, არც ერთი გამოვიდა და არც მეორე - ვანელებმა თავის მატჩი დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით 3-0 მოიგეს და ეროვნულ ლიგა-4-ში დაწინაურდნენ. რაც შეეხება წალენჯიხაში გამართულ დაპირისპირებას, მოედანზე პირველივე წუთებიდან უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა და ქულებიც თანაბრად გაიყო...

 

პირველ ტაიმში მეტს იმერლები აქტიურობდნენ, მასპინძლები კი თავს კარგად იცავდნენ და სტუმართა კონტრშეტევებზე გამოჭერას ლამობდნენ. უნდა ითქვას, რომ შესვენებამდე ზესტაფონელებმა ორჯერ მოახერხეს "სქურის" კარის ბადის შერხევა, თუმცა ორივეჯერ კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის გამო იქნა გაუქმებული. რაც შეეხება წალენჯიხელებს, ისინი თავის შანსს ელოდნენ და ტაიმის ბოლო, 45-ე წუთზე ასეთი შანსი გამოიყენეს კიდეც - გოლი მათე ქომეთიანის ანგარიშზეა...

 

მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ უფრო მოუმატეს და 55-ე წუთზე, "სქურის" საჯარიმოში ზესტაფონელი ნოდარ გაჩეჩილაძის წინააღმდეგ უხეში თამაშის შემდეგ, 11-მეტრიანი დარტყმა გოლად თორნიკე ახვლედიანმა აქცია. მარგველები მატჩის მოსაგებად წინ წავიდნენ და 68-ე წუთზე მათ მასპინძელთა კიდევ ერთი მწვავე იერიში გაეპარათ, რომელიც უკვე "ზესტაფონის" კარში დანიშნული პენალტითა და ნიკო ქუთათელაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

 

ანგარიშში მეორედ ჩამორჩენის შემდეგ იმერლები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და 87-ე წუთზე კობა გოგობერიშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს. დარჩენილ დროში სტუმრები ახლოს იყვნენ გამარჯვების მოპოვებასთან, თუმცა თორნიკე ახვლედიანისა და ბესო ფერაძის დარტყმების შემდეგ ძალიან კარგად გაისარჯა მასპინძელთა მეკარე თორნიკე ორთოიძე და თავის გუნდს ქულა პირადად გადაურჩინა - 2-2.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" დასკვნითი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი", რომელმაც დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია გაიფორმა, 27 ნოემბერს გამართავს - მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ტურნირის გამარჯვებულს, ვანის "სულორს" უმასპინძლებენ ...

 

20.11.2019. ”სქური” (წალენჯიხა) - ”ზესტაფონი” 2-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ვარდოსანიძე, ჭურაძე, ბუბულაშვილი, გაჩეჩილაძე, ზაქარაშვილი (ახვლედიანი, 32), გოგობერიშვილი, ა. დვალი (ბერაძე, 64), ბ. ფერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019