17.11.2019
ჭაბუკები იმერეთის თასის გათამაშებაში ასპარეზობენ
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს სტარტი აიღო ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის თასის გათამაშებამ, რომელიც გურამ ნიშნიანიძის სახელს ატარებს. იმერეთის მხარის წარმომადგენელ სხვა გუნდებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდიც იღებს.
უნდა ითქვას, რომ ახალახან დასრულებული გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების მსგავსად, გურამ ნიშნიანიძის სახელობის თასის გათამაშებაც იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის მხარის წარმომადგენელი გუნდები ასპარეზობენ...
15-17 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. 15 ნოემბერს ზესტაფონელები ტყიბულის "მეშახტეს" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხეს (გოლები - გაგა ფუტკარაძე (2)), 16 ნოემბერს მარგველები ქუთაისის "ტორპედოს" დაუზავდნენ 1-1 (გოლი - საბა აბრამიშვილი), ხოლო 17 ნოემბერს ხონის "იმერეთი" დიდი ანგარიშით 4-0 (გოლები - საბა აბრამიშვილი (3), ლუკა კახნიაშვილი) დაამარცხეს.
შედეგად, ნორჩმა მარგველებმა გურამ ნიშნიანიძის სახელობის ტურნირის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ტურნირის ამ სტადიაზე ზემოიმერელთა მეტოქის ვინაობა მეორე ჯგუფში გასამართი მატჩების შედეგების გათვალისწინებით გაირკვევა...
|