Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

ვიცინოთ თუ ვიტიროთ? რატომ გარბიან ქართული ფეხბურთიდან ინვესტორები?

 

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც საუბარია ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ინვესტორებსა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე. ჩვენ კი ამ პუბლიკაციის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლისათვის განსაკუთრებით საინტერესო ნაწილს გთავაზობთ:

 

"თემა ძალიან ცხელია და აქტუალურიც. ჩვენი გაზეთის სხვა ჟურნალისტებიც აუცილებლად გამოეხმაურებიან მოვლებეს, მე კი ჩემი აზრი მინდა დავწერო და ამისთვის ცოტა ვრცელი წერილი მაქვს თარგად მონიშნული - სათქმელ-საკამათო ძალიან ბევრია...

 

რა თქმა უნდა, ამ წერილის დაწერა განაპირობა ბათუმის "დინამოს" ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი სულისჩამდგმელის, არჩილ ბერიძის მიერ გაკეთებულმა ძალიან მოულოდნელმა და, მე ვიტყოდი, სკანდალურმა განცხადებამ.

მერე ითქვა, რომ ბერიძე ისევ რჩება კლუბში და, შესაბამისად, ქართულ ფეხბურთშიც. ყველაფერი დაბრალდა "დინამოს" ოფიციალური ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორთან საკომუნიკაციო გაუგებრობას, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ასეთი რამ არც პირველად მოგვისმენია და, ალბათ, არც ბოლოა. ბერიძის კლუბში დარჩენას კი მხოლოდ მივესალმები, მაგრამ მთავარი სათქმელი უკვე ითქვა. უმიზეზოდ არაფერი ხდება და, რა თქმა უნდა, ამ განცხადებასაც ჰქონდა თავისი მიზეზი.

 

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ბერიძის ამ აზრს საზოგადოების მეტი წილი იზიარებს. ის ახლახან მოვიდა ქართულ ფეხბურთში და კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. ესეც უნდა დავწერო: მე სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე მისი ინტერვიუ და იქ სხვების მიმართ კრიტიკა უფრო ვნახე, ვიდრე ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარებისა, მაგრამ...

 

ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები და საკითხს ადამიანური კუთხით მივუდგეთ. არჩილ ბერიძე დღეს ის კერძო ინვესტორია, რომელიც ფულს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. აქ ბევრი იწილო-ბიწილო არ გვჭირდება - ფული მისია და როგორც უნდა, იმ ფულს ისე მოექცევა. უნდა დახარჯავს და უნდა - არა.

 

რა თქმა უნდა, არსებობს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი ურთიერთობები, მაგრამ არსებობს ადამიანური ასპექტებიც. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ ვიყიდი გაფუჭებულ პროდუქტს, მეოთხედ აღარ ვიყიდი და ჩემს ფულს სხვა პროდუქტში დავხარჯავ.

 

ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ინვესტორი არაერთხელ შეჯახებია ასეთ ამბებს. უბრალოდ, ეს ამბები იყო სხვადასხვაგვარი და მათი მოთმინების ხარისხიც სხვადასხვაგვარი გახლდათ. ზოგი დიდი ხანია, ითმენს. ზოგმაც დიდხანს ითმინდა და ბოლოს ვეღარ მოითმინა...

 

რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ. წლების განმავლობაში ილია კოკაია ისეთ მოდელს ითხოვდა, როგორიც დღეს არის, ან ჩემპიონატის ჩატარებას სუფთა კერძო ინვესტიციებით. წლებია, ეს მოდელი ამოქმედდა, "ზესტაფონი" კი მეხუთე ლიგაში თამაშობს...

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რასაც ვერ დაუკარგავ, ესაა - ყველგან დადიან, იქაც კი, სადაც ბურთი პრაქტიკულად არასოდეს გაგორებულა, ხსნიან ახალ სტადიონებს იქ, სადაც ვერაფრით იქნება დიდი ფეხბურთი, იქ, სადაც სოფლის ახალგაზრდობამ ჯანმრთელობა უნდა გაიკაჟოს და, სულო ცოდვილო, ზოგიერთ ადგილას ამას საჩვენებელი ელფერიც დაკრავს, თუმცა ეს მაინც ძალიან კარგია და ეს ძალიან გვახარებს.

 

ეგაა, თუ არ ჩავთვლით ორიოდე პრივატულ შეხვედრას, რომელზეც შეგნებულად არ მინდა წერა და რომელსაც შედეგად არაფერი მოჰყოლია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმ ცნობილი ამბების შემდეგ არასოდეს შეხვედრია "ზესტაფონის" გულშემატკივარს.

 

"კოკაია რთული კაცია", - ხშირად გაიგონებთ პირად საუბრებში. შენ რომ იმ "რთულს" საერთო ფერხულში ჩააბამ, კარგ საქმეებს რომ "გააკეთებინებ", მაშინ ხარ მაგარი. შენ ხელმძღვანელი ხარ და არ გაქვს გაბუტვის უფლება!

 

... ასეთი ამბები ხდება ჩვენს საკლუბო ფეხბურთში მაშინ, როცა დიდი ფული იხარჯება ჩვენს კლუბებზე და ეს არის ფეხბურთის ფედერაციის წარუმატებლობა. მაგრამ ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას ვერც კლუბები. ფედერაცია ეუბნება თურმე კლუბს - შექმნით პროფლიგაო. აქეთ კლუბები ჩივიან - ნეტავ იმ დროს, პროფლიგა რომ იყოო.

 

კი, მაგრამ რა უშლის ხელს პროფლიგის შექმნას თუ აღდგენას? ის ხომ არა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მუქთა ფული მოდის? ამ მუქთა ფულმა ხომ არ გააზარმაცა ჩვენი კლუბების მმართველები? ფედერაციამ კი, უნდოდა ეს თუ არა, ხელი შეუწყო იმას, რადგან ფონდის ფული მიდიოდეს ხელფასებში და არა განვითარებაში.

 

ხელს ვერავის დავადებ, ზოგადად კი დავწერ - ფონდის დაფინანსების შეწყვეტა ბევრს არ აწყობს, რადგან ეს უშრომელია ფულია - ფულის კეთების "სტანოკი", რომელიც იოლი შესალევი არ არის...

 

დაბალ ლიგებში კიდევ უფრო გაუგონარი ამბები ხდება. რეგიონული ლიგის მატჩების უმრავლესობას საკუთარი თვალით ვუყურე. მორჩეს სეზონი და ერთ წერილს ამაზეც დავწერ. ახლაც და მაშინაც ცხენი შეკაზმული მყავს...

 

ინვესტორი კი გარბის იმიტომ, რომ ყოველივე ამას და კიდევ ბევრ სხვა ნეგატივს ხედავს!"...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019