30.10.2019
"ზესტაფონმა" ბათუმელი დუბლიორები ისევ დაამარცხა
2019 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთოთხმერე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
იმერულ-აჭარული დაპირისპირება პირველივე წუთებიდან მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს - მიმდინარეობდა შეხვედრის მე-8 წუთი, როდესაც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბაჩო ბერაძის სოლო-რეიდს ბათუმელთა საჯარიმოში მისივე გადაცემა და თორნიკე ახვლედიანის საგოლე შეხება მოჰყვა.
მე-14 წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - მოედნის ცენტრში იმერელთა მიერ წამოწყებული იერიში თორნიკე ახვლედიანის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემითა და ახალგაზრდა ფორვარდის მიერ შორეულ კუთხეში უზუსტესად "ჩასმული" დარტყმით დაგვირგვინდა.
მე-17 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა საგოლე პასის ავტორობაც მიითვალა - მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა თავდამსხმელმა კარგი გადაცემით გუნდის კაპიტანი ნოდარ გაჩეჩილაძე მოამარაგა და ამ უკანასკნელს აჭარელთა კარის მესამედ აღების მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
შესვენებამდე ზესტაფონელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს - 35-ე წუთზე სტუმართა გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა თორნიკე ახვლედიანმა უძლიერესად გაისროლა და დღევანდელ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მალევე ბათუმელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - მსაჯთან შელაპარაკების გამო მოედნიდან გივი ძაძამია იქნა გაძევებული...
მეორე ნახევარში თამაში შედარებით დამშვიდდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მარგველებმა ბათუმელთა კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხეს - 74-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანის საგოლე გადაცემის შემდეგ თავი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი დვალმა გამოიჩინა, 81-ე წუთზე კი მანვე (ამჯერადასევე შეცვლაზე შესული ბესო ფერაძის ზუსტი პასის შემდეგ) დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში 6-0 დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 6 ნოემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ქუთაისს ესტუმრება და ადგილობრივი "ტორპედოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდება...
|
30.10.2019. ”ზესტაფონი” - ”დინამო-2” (ბათუმი) 6-0 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, სვიანაძე, ჭურაძე, სამხარაძე (ბუბულაშვილი, 46), გაჩეჩილაძე, ზაქარაშვილი, გოგობერიშვილი (ა. დვალი, 70), ბერაძე (ბ. ფერაძე, 46), ახვლედიანი.
|
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |