Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე ახვლედიანთან

ესპანეთიდან ზესტაფონში...

 

 

 

 

თორნიკე ახვლედიანი
 

დიდი ხანია, "ზესტაფონზე" არაფერი დაგვიწერია. ყველა ქართული ტიტულის მფლობელი კლუბი რეგიონულ ლიგაშია და გააფთრებით იბრძვის აღზევებისთვის. ადგილობრივ გულშემატკივარს კი ახალი ჯილა ჰყავს - 20 წლის თორნიკე ახვლედიანი, ვინც ცოტა ხნის წინ შეუერთდა გუნდს და ხუთ თამაშში 7 გოლის გატანა მოასწრო, თან ბლომად საგოლე გადაცემებიც ჩამოარიგა.

 

ისეთი ფორვარდია, ბევრს უნდა მიაღწიოს: ტანმაღალი, გრძელი ნაბიჯით, ბრძოლის დიდი უნარით, გოლის ალღოთი და კარგი ხასიათით. ვფიქრობთ, თუ ბევრს იმუშავებს, მისი სახით ჩვენი ფეხბურთი უაღრესად საინტერესო შემტევს მიიღებს. საინტერესოა, რომ თორნიკემ არცთუ დიდი ხნის წინ... თვით მადრიდის "რეალს" გაუტანა გოლი. უმჯობესია, თავად ფეხბურთელის მონაყოლს მივყვეთ...

 

პირველი ნაბიჯები

- 2010 წელს შევედი ფეხბურთზე. მაშინ 11 წლის ვიყავი. თავდაპირველად "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლაში მივედი ვალერი გაგუასთან და ლადო კაკაშვილთან. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ თავიდან კარში დამაყენეს, მერე ავიწიე წინ...

 

"ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლა რომ დაიშალა, "ავაზაში" გადავედი. იქ ანზორ ზუკაკიშვილი იყო ჩემი მთავარი მწვრთნელი. მერე მცირე ხნით "დინამოს" აკადემიაში მივედი და ისევ "ავაზას" დავუბრუნდი. ამის შემდეგ იყო "ცხინვალის" ასაკობრივი გუნდები და დუბლები. ვიმუშავე ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან კახი გოგიჩაიშვილი, ნოდარ კიკნაძე და ლევან მელქაძე. ამას მოჰყვა "გაგრა" - ძირითად გუნდში ერთი მატჩი ვითამაშე, ამხანაგურები - უფრო მეტი. მაგალითად, ბათუმის "დინამოსთან" და სხვა გუნდებთან...

 

"გაგრაში" დენის ხომუტოვი რომ მოვიდა მთავარ მწვრთნელად, დუბლებში გადამიყვანა. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. მერე ისე მოხდა, რომ ესპანეთში აღმოვჩნდი...

 

პანდიანი და გოლი "რეალის" კარში

- ჩავედი ესპანეთში და უფეხბურთოდ ვერ გავძელი - უბნის გუნდში მივედი, რომელიც ერთ-ერთ დაბალ დივიზიონში ასპარეზობდა. თავიდან ეჭვის თვალით შემომხედეს, მაგრამ ვარჯიშზე მიხვდნენ, რომ ფეხბურთში მეც ვიცოდი რაღაც...

ესპანეთში თითქმის სულ საბუთების პრობლემა იქმნებოდა. ასე იყო "სან სებასტიან დე ლოს რიოსში", "ლეგანესსა" და "ლორკაში". სიამოვნებით ვიხსენებ მადრიდის "რეალის" კარში გატანილ გოლს - "ლეგანესის" დუბლშემადგენლობა მადრიდის "რეალის" 19 - წლამდელთა გუნდს შეხვდა და თავი იმ მატჩში გამოვიჩინე.

 

"ლორკაში" ჩემი მწვრთნელი "დეპორტივოსა" და ურუგვაის ნაკრების ყოფილი შემტევი იყო -  ვალტერ პანდიანი თუ გახსოვთ. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ზოგადად, ესპანეთში გატარებულმა პერიოდმა ძალიან გამზარდა, როგორც ფეხბურთელი და როგორც პროფესიონალი.

 

ბოლოს ისევ "ლეგანესში" დარჩენა შემეძლო, მაგრამ ახალი მწვრთნელი მოვიდა და თავისი ხალხი მოიყვანა. საბუთების პრობლემაც იყო - საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქმეს ეს ართულებს. მოკლედ, ესპანეთიდან დროებით წამოსვლა მომიხდა...

 

რატომ ავირჩიე "ზესტაფონი"?

- საქართველოში რომ ჩამოვედი, მაღალი ლიგების კლუბებთან ფიზიკურად ვერ მოვაწერდი ხელს კონტრაქტს. ჩემმა მეგობარმა ირაკლი ხვედელიანმა "ზესტაფონის" ინტერესის შესახებ მითხრა და მეც აღარ მიფიქრია ბევრი.

 

ჩემთვის პატივია, ვითამაშო იმ კლუბში, რომელმაც მოიგო ყველა ქართული ტიტული. კი, რეგიონული ლიგაა, მაგრამ აქ ისეთი პირობებია სავარჯიშოდ და სათამაშოდ, ბევრ უმაღლესლიგელს რომ არ ექნება...

 

ცალკე მინდა ვთქვა გულშემატკივრებისა და კლუბის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე. მათგან ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. ამას არასოდეს დავივიწყებ! ჩვენი მიზანი უფრო მაღალ ლიგაში გადასვლაა და მოხარული ვიქნები, თუ გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება ჩემი გოლები. ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა...

 

სხვათა შორის, "ზესტაფონის" აღმავლობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ფეხბურთზე ახალშესული ვიყავი. მახსოვს ამ გუნდის მიერ ევროასპარეზზე ჩატარებული შეხვედრები, ვქომაგობდი მას...

 

თუ ეს ოცნება ამისრულდება...

- ვიცი, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. ვიცი, რომ ფეხბურთს ყველაფერი უნდა მისცე. სხვანაირად არაფერი გამოვა. ჩემი საფეხბურთო ოცნება? ტოპ5 ჩემპიონატის რომელიმე გუნდში თამაში. ნაკლები მნიშვნელობა აქვს გუნდსა და ქვეყანას. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ოცნება ამისრულდება...

 

რაც შეეხება საფეხბურთო გემოვნებას, ძალიან მიყვარდა ტიერი ანრი, დღესდღეობით  კილიან მბაპეს ვქომაგობ, ანრის მაგონებს. ჩემპიონატებიდან ინგლისურ პრემიერლიგას გამოვარჩევ. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი პირველობაა...

 

ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...

- ჩემი ოცნება და მიზანია, ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. ასაკობრივ ნაკრებებში არასოდეს მითამაშია. მხოლოდ 20-წლამდელებში ვივარჯიშე. ვიცი, იოლი არ იქნება, მაგრამ შეუძლებლადაც არ მიმაჩნია, თუ ბევრს ვიმუშავებ.

რა თქმა უნდა, ვგეგმავ კარიერულ წინსვლას. ამ ეტაპზე კი ჩემთვის მთავარი ისაა, "ზესტაფონს" დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს...

 

ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019