23.10.2019
ზესტაფონელთა გამარჯვება წყალტუბოში
2019 წლის 23 ოქტომბერს წყალტუბოს ხელოვნურსაფარიან სტადიონზე საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეცამეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდა.
ორი იმერული კოლექტივის დღევანდელი დაპირისპირება სტუმრების შეტევებითა და სწრაფი გოლით დაიწყო - შეხვედრის მე-5 წუთზე თორნიკე ახვლედიანისა და ბაჩო ბერაძისაგან შემდგარმა ზესტაფონელთა შემტევმა დუეტმა განახორციელა სწრაფი იერიში და ჩამოთვლილთაგან პირველის ზუსტი გადაცემის შემდეგ მეორემ მასპინძელთა კარი მშვიდად აიღო...
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მარგველები ბევრს აქტიურობდნენ და 37-ე წუთზე ანგარიშის ორამდე გაზრდაც მოახერხეს - თორნიკე ახვლედიანმა მასპინძელთა მცველებს ბურთი მათსავე საჯარიმოს მისადგომებთან მოპარა, საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი დარტყმით წყალტუბოელთა კარის ბადე მეორედ შეარხია.
შესვენებამდე ზემოიმერლებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა, მას შემდეგ, რაც თორნიკე ახვლედიანის დარტყმული ერთ-ერთმა მცველმა ხელით მოიგერია, 11-მეტრიანი ნიშნულიდან ნოდარ გაჩეჩილაძის არცთუ ურიგო დარტყმულის მოგერიება "სამგურალი"-2-ს მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ მოახერხა...
მეორე ტაიმში თამაშის ტემპმა იკლო, სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და შეხვედრის მსვლელობა მშვიდ კალაპოტში გადაიყვანეს. წყალტუბოელები ბევრს კი ცდილობდნენ, თუმცა მარგველთა კართან განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ მოახერხეს. დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე დაფიქსირდა - თორნიკე ახვლედიანის უძლიერესი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. სტუმართა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.
მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 30 ოქტომბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ...
|
23.10.2019. ”სამგურალი-2” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 0-3 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, სამხარაძე (ბუბულაშვილი, 83), გაჩეჩილაძე, ზაქარაშვილი, გოგობერიშვილი, ბერაძე (ა. დვალი, 80), ახვლედიანი.
|
|