Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

2019 წლის 16 ოქტომბერს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ "ჩიბათთან" თერჯოლაში ჩატარებულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველებმა თავის აქტივს მორიგი 3 ქულა შემატეს.

 

მატჩი ზესტაფონელთა შეტევებით და მათი სწრაფი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა შეხვედრის მე-9 წუთი, როდესაც მასპინძელთა კარგი შეტევის შედეგად სტუმართა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა თორნიკე ახვლედიანი და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში უზუსტესი ძლიერი დარტყმით წინ თავის გუნდი გაიყვანა...

 

დაწინაურების შემდეგ ზემოიმერლები ბევრს აქტიურობდნენ, სტუმართა კართან სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ, თუმცა 21-ე წუთზე მათ ლანჩხუთელთა უსწრაფესი კონტრშეტევა გამოეპარათ და ზესტაფონელთა გოლკიპერ ალექსანდრე გიორგაძესთან პირისპირ გასულმა გამოცდილმა ტარიელ კუკულაძემ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

 

კიდევ ერთხელ დასაწინაურებლად მარგველებს ზუსტად ხუთი წუთი დაჭირდათ - შეხვედრის 26-ე წუთზე მეტოქისთვის ბურთის ართმევისას ძალიან კარგად ითამაშა ანრი ზაქარაშვილმა, რომელმაც საჯარიმოში შეჭრილი ბაჩო ბერაძე ზუსტი პასით მოამარაგა. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი "ჩიბათის" ერთ-ერთ მცველს შეეხო და სტუმართა კარის ბადეში შეგორდა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა - მიმდინარეობდა 47-ე წუთი, როდესაც ზესტაფონელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან განვითარებული იერიშისას სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა თორნიკე ახვლედიანი და შორეულ მარჯვენა კუთხეში გამოზომილი დარტყმით თავის გუნდის შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა.

 

დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში იმერულ-გურული დაპირისპირების 76-ე წუთზე დაფიქსირდა - ზესტაფონელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ და თორნიკე ახვლედიანმა სწრაფად გაითამაშეს კუთხური, იმერელთა ფორვარდმა სტუმართა საჯარიმოსკენ გაიწია და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. შედეგად, 20 წლის ფორვარდის პირად ანგარიშზე "ჩიბათთან" მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკია, მისმა გუნდმა კი ისევ დიდი ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა.

 

თორმეტი ტურის შემდეგ მარგველები სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე დამკვიდრდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდმა ბოლო ორ ტურში ორივე ლიდერის (ვანის "სულორი" და წალენჯიხის "სქური") შეჩერება მოახერხა, "ზესტაფონმა" ლიდერთა დუეტთან ქულებში ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა.

 

მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი 23 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეცამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები სწორედ წყალტუბოს ესტუმრებიან და ლიდერთა რისხვად ქცეულ ადგილობრივ ახალგაზრდულ კოლექტივს დაუპირისპირდებიან...

 

16.10.2019. ”ზესტაფონი” - ”ჩიბათი” (ლანჩხუთი) 4-1

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე (სამხარაძე, 46), ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, გაჩეჩილაძე (ბუბულაშვილი, 83), ზაქარაშვილი, გოგობერიშვილი, ბერაძე (ა. დვალი, 79 ), ახვლედიანი.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019