Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ძალიან საინტერესო ინტერვიუ ილია კოკაიასთან

"დაპირისპირება კი არა, ქართული ფეხბურთის განვითარება მსურს"...

 

 

 

 

2019 წლის 11 ოქტომბერს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან. რომელშიც რესპონდენტი ქართული ფეხბურთისათვის ბევრ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით საუბრობს. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ისლანდიაში მოგზაურობისა და იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, ილია კოკაიამ შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელში გააზიარა...

 

„ზესტაფონის“ დამფუძნებელმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, ამ 330- ათასიან ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების რა ეფექტურ მოდელს მიაგნეს. ის სახელმწიფოს მიერ კლუბებში ხელფასების გადახდის წინაააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ეს თანხა ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

 

„ზესტაფონის“ მეპატრონე მთავარ აქცენტს წერილის ბოლოში აკეთებდა: „ისლანდიურ კლუბებში სახელმწიფოს დაფინანსება ნულია. მერე ისლანდიის ნაკრების ასეთი პროგრესი არ გაგვიკვირდეს. ჩვენ ვყაროთ მილიონობით სახელმწიფო ფული ფეხბურთელების ტრანსფერებსა და მათ ხელფასებში.

 

უკეთესია, დავთვალოთ, რამდენი სტადიონი ან სავარჯიშო მოედანი გაკეთდა ბოლო ათ წელიწადში ჩვენთან და რამდენი - 300-ათასიან ისლანდიაში და წარმატების ფორმულას მაშინვე მივიღებთ. გული მტკივა, როდესაც ამას ვუყურებ და ყურსაც არ ვაპარტყუნებთ, რომ ასეთი საშინელი შედეგი გვაქვს“.

 

ისლანდიიდან დაბრუნებული „ზესტაფონის“ დამფუძნებელი „ლელოს“ ესაუბრა და საკუთარი შეხედულებები გაუზიარა, თუ როგორ წარმოუდგენია სახელმწიფო სახსრების განკარგვა და ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღე. 

ინვესტიციები  შემცირდა

- ისლანდიაში მოგზაურობის შემდეგ თქვენი შთაბეჭდილებები გააზიარეთ და ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობით უკმაყოფილება გამოთქვით. 

- ჯიბრში არავის ვუდგები და მიზნად ფეხბურთის ფედერაციის კრიტიკა არ მაქვს. მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთის განვითარების ფონდის პრიორიტეტები გადასახედია. მე ყოველთვის დინამიკას ვუყურებ - ორი წლის წინ ინვესტიციების კუთხით აშკარად უარყოფითი მაჩვენებელი გვქონდა, ვითარება ახლაც არ შეცვლილა. როცა ‘’ზესტაფონში’’ ვიყავი, მარტო მე კლუბში 50 მილიონამდე ჩავდე, სულ კი წელიწადში ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის შენატანი 25 მილიონ დოლარამდე იყო. ორი წლის წინ ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ეს ციფრი 800 ათასამდე შემცირდა.

 

ისლანდიაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ვათვალიერებდი და როდესაც ვიცი, ფეხბურთში რამხელა პროგრესს მიაღწიეს, ამ პოსტის დაწერა ამიტომ გადავწყვიტე. იქნებ, მომისმინონ და ჩვენს ფეხბურთში წინსვლა დაიწყოს. ფაქტია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის დახარჯული თანხებით სასურველი შედეგები ვერ მივიღეთ, რადგან ინფრასტრუქტურაში მცირე თანხა მიდის, დიდი ნაწილი კი ხელფას-პრემიებს ხმარდება.

 

- თქვენ არ იყავით ამ პროექტის მომხრე, რომ კერძო კლუბებსაც უნდა დაახარჯონ სახელმწიფო სახსრები, თორემ გამგეობების კლუბები უკეთეს პრიობებში არიანო? 

- სახელმწიფო კომისიაში მუშაობისას, პროგრამის განხორციელებას ვემხრობოდი, მაგრამ არა სახელმწიფო სახსრების ხელფასებში დახარჯვას. მაშინაც ვამბობდი - სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები, კომუნალური ხარჯები და საფეხბურთო აკადემიები.

 

შედეგები პროგრამის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. თანაც, ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოშიც ხორციელდება. ასე აშენდა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები, გარემონტდა რამდენიმე მოედანი, სტადიონი, სოფლებში მოედნების მოწყობა მიმდინარეობს, მასობრივი ფეხბურთის მაჩვენებლები აშკარად გაზრდილია. 

- ეს მეც ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა იყოს პრიორიტეტული, რადგან კერძო სექტორის მხრიდან დიდ ინტერესს სწორედ ეს განაპირობებს. არადა, ბოლო წლებში სტადიონი ერთ კლუბსაც არ აუშენებია, ყველა საბიუჯეტო დაფინანსებით გაკეთდა. მე კი ‘’ზესტაფონში’’ მისვლისთანავე უპირველესად ინფრასტრუქტურას მივხედე. რომან ფიფია თბილისის ‘’დინამოშიც’’ ასე მოიქცა. სხვა პროექტები სად განხორციელდა და ინვესტიცია სად ჩაიდო? ესაა დასაფიქრებელი.

 

- ბოლო დროს ბათუმის „დინამომ“ კერძო ფული ჩაიდო, მას ტრანსფერებში თბილისის „დინამო“ აყვა და ცხადია, ამაში ფინანსები იხარჯება. ან „საბურთალოს“ 10-მილიონიანი ბიუჯეტი სახელმწიფოს ხარჯზე ხომ არ შეუქმნია? 

- ჩემი აზრით, აჯობებს, ეს ციფრები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნოს. ახლა ასეთი ტენდენციაა, რომ ფეხბურთში ახალ-ახალი ვითომ ინვესტორები მოდიან, მაგრამ რეალურად ფულს არ აბანდებენ და ეტყობათ, რომ აინტერესებთ არა ფეხბურთი, არამედ, სხვა რამ. 

 

- ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის სტადიონები სახელმწიფო სახსრებით არ აშენდა? იგივე თბილისში, დიღომში 7-მოედნიანი კომპლექსი, პლუს რუსთავის, ლაგოდეხის აკადემიები, ახლა იგივე ფოთში კეთდება.

- გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენ რაში გჭირდება 20 და 10-ათასიანი სტადიონები? იყოს, 3-4-ათასიანები და დიდი ტრიბუნების ნაცვლად, მოედნები გავაკეთოთ. 

 

- კი მაგრამ, კარგი სტადიონი მარტო თბილისში ხომ არ იქნება?

- მერე მათი შენახვა რა დაჯდება?

ისლანდიური მოდელი

- ასე „დინამო-არენის“ შენახვაც ძვირია, მაგრამ ევროპის სუპერთასს უმასპინძლა. 

- რა თანხებიც ამ სტადიონებზე დაიხარჯა, ბევრად მეტი სასიკეთო საქმეები გაკეთდებოდა. ამ თემით ისლანდიაში მოგზაურობისას დავინტერესდი. იქ უმაღლესი ლიგის სტადიონები 4-5 ათასი მაყურებლისთვისაა, დიდი სტადიონების აშენებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოედნების დაგება ამჯობინეს.

 

ისლანდიაში ფეხბურთის განვითარება 21-ე საუკუნეში დაიწყეს, რადგან 1998 წელს საშინელი სტატისტიკა გამოქვეყნდა. ახალგზრდობის 42 პროცენტი ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით იყო დაავადებული. ამ პრობლემის მოგვარება სპორტის სოციალური პროექტით გადაწყვიტეს, რომელიც რეიკიავიკის ინსტიტუტის დირექტორმა იონ სიგფუსონმა შეიმუშავა. მთელს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა განავითარეს და ყველა ქალაქში დახურული და სხვადასხვა სახეობის ღია და დახურული სპორტული კომპლექსები ააშენეს - სახელმწიფო ფულს ამაში და საფეხბურთო თუ სხვა სახეობების აკადემიებზე ხარჯავდა. 

 

მეორე და მესამე ლიგის კლუბების სტადიონები და სავარჯიშო მოედნები ვნახე, სულ 100-მდე მოედანი დავითვალე. მითხრეს, რომ სულ ქვეყანაში 300-მდე მოედანია და აპირებენ, კიდევ 200 მოაწყონ. ისლანდიაში 300 მაცხოვრებლზე და მას ზემოთ დასახლებას ქალაქს უწოდებენ, 15-ათასიან ქალაქში კი 2 სტადიონი იყო, თითოეულზე-3-3 მოედანი გახლდათ, ორი ბუნებრივი, ერთიც - გადახურული დარბაზი და უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები ჰყავთ. 

 

ბოლო მაჩვენებლებით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთა რაოდენობა 2012 წელს 8 პროცენტამდე შემცირდა და რაც მთავარია, ისეთი საფეხბურთო ნაკრები ჰყავთ, ევროპასა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშობს და იქიდან ინგლისი გამოაგდო - ეს შეძლო 360-ათასიანმა ქვეყანამ.


ახლა კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაიწყეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელოვნური საფარი ნაკლები უნდა იყოს და ძალიან ბევრი ბუნებრივი მოედანი დააგეს - ეს ყველაფერი პოლარული წრის ახლოს მდებარე ქვეყანაში ხდება, სადაც 6-7 თვე თოვლია! არადა, ისეთი ხელოვნური მოედნები აქვთ, ბუნებრივს ხარისხით ბევრად არ ჩამორჩება.

რა უნდა იყოს  პრიორიტეტეტი?

- შედეგს ასეთი პრიორიტეტი მოიტანს და ყველას ერთად გაგვახარებს. ჩვენ ხომ ეს ძალიან გვინდა. ამიტომ მე არავის ვეომები, უბრალოდ, მინდა რომ ჩემს ქვეყანაშიც მოვესწროთ საფეხბურთო სიხარულს, რაც ასე მოგვენატრა.

 

- გასაგებია, რომ საქართველოში პრიორიტეტეტი ინფრასტრუქტურა და მოედნები უნდა იყოს. ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არაა.

- ამიტომ ვამბობ, რომ კლუბების დაფინანსებიდან თანხები ინფრასტრუქტურაზე გადავამისამართოთ. ვიცი, ახლა ამას ფოთთან მდებარე ჩემს მეურნეობას დაუკავშირებენ, სადაც ბალახის საფარს ვამზადებთ - თავისი პროდუქციის გასაღება სურსო. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი ბალახით დააგო მოედნები ქობულეთში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ბოლნისსა და ფოთში.

ისლანდიის მოდელის წარმატების მიზეზი ფულის სწორი და ეფექტური ხარჯვა იყო და ეს ჩვენც უნდა გადმოვიღოთ და გავითვალისწინოთ. ინფრასტრუქტურას ყურადღება ამიტომ უნდა მივაქციოთ. ისლანდიაში ბუნებრივ მოედნებზე გადავიდნენ, რადგან ხელოვნურ საფარზე ბავშვების ვარჯიში გართულებებს იწვევს, რაც 18-19 წლის ასაკში ვლინდება და ბევრი მათგანი კარიერას ასრულებს. რამდენი ქართველი ფეხბურთელი გვახსენდება, რომლებმაც ამ ასაკში პრობლემების გამო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა? 

 

და კიდევ: კატეგორიულად მიუღებელია, ფონდის ფული ხელფასებში რომ მიდის. მე თუ პრეზიდენტი ვარ და ხელფასები არ მომაქვს, გამოდის, რომ გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვიხსნი. ასე ნებისმიერ ადამიანს იქირავებ და პრეზიდენტს კი არა, მოლარეს დავარქმევ და რა განსხვავება იქნება?

 

- პროგრამის ამუშავებამდე სახელმწიფო კლუბებზე არაორგანიზებულად მეტ ფულსაც ხარჯავდა. ახლა სისტემატიზაცია მოხდა და მთავარია, პროგრამა გაუმჯობესდეს. 

- სწორედ მაგისკენ მიმყავს ლაპარაკი - გავაუმჯობესოთ საფეხბურთო პროგრამა! რატომ არის პერესი „რეალის“ პრეზიდენტი? ფინანსები და სპონსორები რომ მიიზიდოს და ხელფასები გადაიხადოს. აქ კი პრეზიდენტებს ეს ვალდებულება მოუხსნეს. არც საპრემიო ფონდმა გაამართლა, სპონსორის მოზიდვით მაქსიმუმ 500 ათას ლარს რომ უხდიდნენ.

 

სერიოზული ძვრები მხოლოდ ბათუმის "დინამოში" მოხდა და ეს ყველაზე საინტერესო ვარიანტია. იქ ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ფიქრობენ და ბავშვთა ფეხბურთსაც ყურადღებას აქცევენ.

 

რეალურად, ქართული ფეხბურთი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც დამოუკიდებლები გავხდით. ჩვენ საკუთარი სისტემა და საკუთარი გზა გვჭირდება. გეზი არჩეულია, მაგრამ მას ცვლილება და კორექტირება სჭირდება, რადგან პროგრამა რომ დასრულდება, შედეგებით დაინტერესდებიან. ისლანდიური გამოცდილება სახელმწიფო სახსრების სწორ ათვისება-გადანაწილებაში დაგვეხმარება.

"ზესტაფონის" ბაზები

- „ზესტაფონისთვის“ ზესტაფონსა და თბილისში ორი ბაზა ააშენეთ. მათ რა ბედი ელით?

- ზესტაფონში ბაზის დათმობა ფეხბურთის ფედერაციისთვის მსურდა. მათ კი ზესტაფონში ახალი მოედნის მოწყობა სხვაგან გადაწყვიტეს. თბილისის ბაზას რაც შეეხება, იქ დამატებით მესამე მოედნის აშენება მინდა, რომელიც ხელოვნურსაფრიანი იქნება. საფეხბურთო სკოლას სურს შემოსვლა და კარგი ხალიჩა არ გვაწყენდა, რადგან აქამდე დაგებული ორი მოედანი ისედაც ძალიან დატვირთულია. 

 

- მესამე მოედნისთვის საკმარისი ტერიტორია გაგაჩნიათ?

- კი, რა თქმა უნდა. ამას გარდა, აღდგენითი ცენტრისა და 60-ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა მსურს. რადგან თბილისში კიდევ ერთი ძალიან კარგი საფეხბურთო კომპლექსი უნდა შეიკრას. 

თბილისის ზღვას ასეთ ყურადღებას შემთხვევით არ ვაქცევ. მახსოვს ცხონებული ნოდარ ახალკაცის სიტყვები, 13 მაისს ევროპული თასი რომ მოვიგეთ და ბიჭები დაფრინავდნენ, თბილისის ზღვაზე ვარჯიშის შედეგიც იყოო. იქ თბილისის ზღვა რომ დაგუბდა, მიკროკლიმატი შეიცვალა და იქაური ჰავა თავისი თვისებებით უნიკალურია. ამიტომაა ამ ტერიტორიაზე გულით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სავარჯიშოდ გამორჩეული ადგილია. თბილისის ზღვის ბაზაზე ყველა სამუშაოები რომ დასრულდება, უნიკალური მოსამზადებელი ცენტრი იქნება"...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016