ფიფას კურსი და ეროვნული გუნდი თბილისის ზღვის ბაზაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისათვის მზადებას იწყებს - 12 ოქტომბერს, თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს ჩვენი ფეხბურთელები გიბრალტარს ესტუმრებიან.
ვლადიმირ ვაისის გუნდი ირლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას 7 ოქტომბერს დაიწყებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გარდა ამისა, დასახელდა კიდევ 8 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისსა და გიბრალტარში გასამართი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე მოემზადება.
* * *
მანამდე კი თბილისის ზღვის ბაზა რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა ფიფას ეგიდით ჩატარებულ მსაჯთა ინსტრუქტორების კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში პირველად გაიმართა. კურსის მიმდინარეობისას, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეშვეობით, მოხდა 13 ქვეყნის 46 წარმომადგენლის მსაჯთა ინსტრუქტორად გადამზადება...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა