Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ისლანდიაში მყოფი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელის, ილია კოკაიას მეტად საყურადღებო გზავნილს მიეძღვნა. ჩვენც ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ჩვენი მკითხველი „ლელოს“ მეშვეობით უკვე გაეცნობოდა „ზესტაფონის“ მფლობელის, ილია კოკაიას მეტად საყურადღებო მესიჯს ისლანდიიდან - იქ კლუბებს არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და ის ფული, რომელიც ჩვენთან ფეხბურთელებისთვის ხელფასის გაცემას ხმარდება, ისლანდიაში სტადიონების კეთილმოწყობა-მშენებლობაზე იხარჯება...

ორი აზრი არ არის, ილია კოკაია მეტად საყურადღებო საკითხს შეეხო - საქართველოში რა და როგორ ხდება, ამაზე ჩვენც დაგვიწერია არაერთხელ და კოკაიამ, ვისაც არაერთი მილიონი დაუხარჯავს ქართულ ფეხბურთში, მეტად საჭირბოროტო თემა გაახმოვანა - ისლანდიური პროგრესი ლამის სამაგალითოდ რომ გავიხადეთ, ისიც უნდა გვაინტერესებდეს, რის ხარჯზე მიაღწიეს მათ ამ პროგრესს და როგორ გაჩნდა ყინულეთის ქვეყანაში საფეხბურთო ოაზისი?

 

რა თქმა უნდა, ისლანდიური პროგრესი ის მოვლენაა, რომელიც მხოლოდ ამით არ არის განპირობებული, მაგრამ შორიდან (და, როგორც ეტყობა, ახლოდანაც) ისე ჩანს, რომ სტადიონების თემა მთავარი და გარდამტეხი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც, თუ რუდუნებით არ გამართე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ფეხბურთს საერთოდ ვერ ითამაშებ.

 

რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ? ფეხბურთელებზე ხელფასების გაცემა კარგია და, თქმა რად უნდა იმას, რომ თავად ფეხბურთელები მადლობელნი არიან ამის გამო, მაგრამ ამ ამბავს „პეპლის ეფექტი“ ექნება და ამ რეალობის წინაშე შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ.

 

იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა, ერთ დღეს შეიძლება ვიღაც მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა ამ მოდელით ზედმეტი ფუფუნებაა ქვეყნისთვის და რა შეგვრჩება ხელში? მხოლოდ ფეხბურთელებისთვის გაცემული ხელფასები...

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო დროს არაერთი სოფლის სტადიონი კი გაარემონტა, მაგრამ სულო ცოდვილო, რაღაც საქმის ერთჯერადად კეთების ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს. ძალიან არ მინდა, ასე იყოს, მაგრამ ასე მგონია და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ იმ სტადიონებს სისტემატურად მოუვლიან. ვერც იმაში, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ პირუტყვი არ იბალახებს იმ სტადიონებზე.

 

როცა რაღაცაზე შედარებით დიდ თანხას ხარჯავ და საფუძვლიანად აკეთებ, მოვლის დიდი მოტივაციაც გაქვს. ასე კი... არ მგონია, მხოლოდ საჩვენებელი თამაშებით და ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობის ერთ კონკრეტულ სათამაშო დღეს სტადიონზე მიყვანით საქმე გაკეთდეს. როგორღაც, სიღრმე აკლია ამ ყველაფერს.

 

კლუბებმა თავისი თავი თვითონ შეინახონ, ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული კი სტადიონის მშენებლობაზე დაიხარჯოს - ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. არ გვავიწყდება, ბოლო დროს რამდენიმე ქალაქში დაიწყო სტადიონის მშენებლობა, სხვადასხვა რაიონსა თუ რეგიონში მოყვარულთა თამაშებიც ტარდება. ვერ ვიტყვით, რომ ერთ ადგილზე ვდგავართ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

დაბალ ლიგებში რამდენიმე ქართული კლუბი ისეთ სტადიონზე თამაშობს, თავმოყვარე პირუტყვი მართლაც რომ უგანებს, არადა, სწორედ დაბალი ლიგები, სწორედ პროვინციებია ქართული ფეხბურთის მთავარი მასაზრდოებელი. ეს იქეთ იყოს და, თუნდაც რეგიონულ ლიგებში ისეთები ხდება, ცალკე წერილს ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ მასალა სამომავლოდაც შემოვინახოთ"...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019