02.10.2019
გამარჯვება აუტსაიდერთან გასვლით შეხვედრაში
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე წრის სასტარტო მატჩი გამართა. დაბა ხარაგაულის მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა.
უნდა ითქვას, რომ შარშანდელის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლებმა, ხარაგაულში მგზავრობისა და სტადიონის იჯარის ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, თანაქალაქელებს მატჩის ზესტაფონში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა ან "ზესტაფონის" ბაზაზე) გამართვა შესთავაზეს, თუმცა ამ საქმიდან არც ამჯერად გამოვიდა რამე და ზესტაფონური დერბი ისევ მეზობელ მუნიციპალიტეტში გაიმართა...
შეხვედრა მოულოდნელად, სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფი "მარგვეთი-2006"-ს გოლით დაიწყო - ნომინალურ მასპინძელთა პირველივე იერიშის მოგერიებისას, სტუმართა დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ბაკურ გულუამ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით წინ თავის გუნდი გაიყვანა...
ამის შემდეგ შეხვედრა "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა. სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. საბოლოოდ, შესვენებისთვის ჩვენმა გუნდმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის მოსაგებად კარგი განაცხადი გააკეთა...
ანგარიში 26-ე წუთზე გათანაბრდა - შეტევის მარცხენა ფლანგიდან განვითარებული სტუმართა შეტევისას "მარგვეთი-2006"-ს საჯარიმოში კობა გოგობერიშვილი შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გადაგზავნა. 38-ე წუთზე კი "ზესტაფონი" წინ გავიდა - კობა გოგობერიშვილის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე ახლახანს დაბრუნებულმა ლაშა ბუბულაშვილმა აქცია...
პირველი ტაიმის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც სტუმართა კარნახით წარიმართა. "ზესტაფონი" ბევრს უტევდა და საფინალო სასტვენამდე თავის მონაგარის გაზრდა მასპინძელთა კარში გატანილი კიდევ 2 გოლით მოახერხა - პირველ 45 წუთში გატანილ ერთ გოლს კობა გოგობერიშვილმა კიდევ ორი (51-ე და 89-ე წუთებზე) დაამატა, დღევანდელ შეხვედრაში ჰეტ-თრიკი შეასრულა და რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მიმდინარე გათამაშებაში საკუთარი გუნდის მორიგი მოგებული მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4-1.
|
02.10.2019. ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) - ”ზესტაფონი” 1-4 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ზაქარაშვილი, ბუბულაშვილი, ბ. ფერაძე (ნასრაძე, 75), გოგობერიშვილი, ბერაძე (ი. დვალი, 33), ახვლედიანი.
|
|