Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.09.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" ქულები ისევ დაკარგა

 

 

 

 

 

2019 წლის 25 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ვანის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე მათ ანგარიშის გახსნა მოახერხეს - ზესტაფონელთა ერთ-ერთი ცენტრალური მცველი სულხან სვიანაძე დღევანდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, ხოლო ამპლუაგამოცვლილ მის შემცვლელებს ვანელთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასულმა დუშიკო ტრაპაიძემ ბურთი ბადეში აუღელვებლად გადაგზავნა...

 

აღსანიშნავია, რომ დღეს ზესტაფონელთა განაცხადში ერთბაშად 2 ახალწვეული იყო შეყვანილი - ჩვენი კლუბის ჭაბუკთა და დუბლიორთა გუნდებში აღზრდილმა 21 წლის მეკარე პაატა ყანჩაველმა, რომელიც ბოლოს პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა, მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ხოლო "გაგრისა" და "ცხინვალის" ჭაბუკთა გუნდებში აღზრდილი 20 წლის თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი ბოლოს ესპანური "ლეგანესის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა...

 

შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში გათანაბრდა და ზესტაფონელთა საპასუხო გოლი სწორედ თორნიკე ახვლედიანის აქტიურობის შედეგად შეიქმნა - ვანელთა საჯარიმოში შეჭრილი სტუმართა გუნდის ფორვარდი მცველებმა აკრძალული ილეთით შეაჩერეს და ამ დარღვევისათვის დანიშნული პენალტი გოლად მარგველთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია...

 

35-ე წუთზე წინ ისევ მასპინძელთა კოლექტივი გავიდა - ვანელებმა ზესტაფონელთა დაცვის არადამაჯერებელი თამაშით კიდევ ერთხელ ისარგებლეს და მეკარე ალექსანდრე გიორგაძესთან პირისპირ დარჩენილმა მათე აშვეთიამ წინ ისევ თავის გუნდი გაიყვანა. შედეგად, პირველი ტაიმი "სულორის" გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა...

 

მოვლენათა არასახარბიელო სცენარით განვითარების მიუხედავად, ზემოიმერლები არ დანებდნენ და მეორე ტაიმში უკანდაწეულ ვანელებს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. შედეგად, 74-ე წუთზე, ძალიან კარგად გათამაშებული სწრაფი კომბინაციის შემდეგ, საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა კობა გოგობერიშვილი და ანგარიში ისევ საყაიმო გახადა.

 

"სტატუს-ქვოს" მეორედ აღდგენიდან ორიოდ წუთში მოედანზე მოხდა ეპიზოდი, რომელმაც მატჩის მიმდინარეობასა და მის საბოლოო შედეგზე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა. ზესტაფონელთა ნახევარმცველმა გიორგი სამხარაძემ წითლადგადაქცეული მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შედეგადაც მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა...

 

თამაში გაიხსნა და ორივე გუნდმა მოსაგებად გაიწია. თუმცა, ამის გაკეთება უკეთ მასპინძლებს გამოუვიდა - სტუმართა კართან 86-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურისა და დაცვის ხაზის მიერ დაშვებული მორიგი შეცდომის შემდეგ, გიორგი ბრეგვაძემ ვანელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 3-2.

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი", რომელიც სადღეისოდ სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, 2 ოქტომბერს გამართავს - რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე წრის პირველ, რიგით კი მეათე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს ესტუმრება...

 

25.09.2019. ”სულორი” (ვანი) - ”ზესტაფონი” 3-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ზაქარაშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ბ. ბერაძე (ბ. ფერაძე, 46), ახვლედიანი (ბუბულაშვილი, 77).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019