15.09.2019
ჭაბუკთა ფრე და გამარჯვება მეორე ეტაპის სტარტზე
მიმდინარე კვირაში დაიწყო ცამეტწლამდელ ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპი - საშინაო კედლებში გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში ზესტაფონელმა ჭაბუკებმა ქუთაისის "მართვესა" და "ქუთაისს" უმასპინძლეს.
შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი, რომელიც 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და რომელსაც გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
ტურნირი ტარდება ორ ნაწილად - პირველ ეტაპზე გუნდები ორ ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, მათ ერთმანეთთან ითამაშებეს ორ წრედ და ქვეჯგუფებში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები გადამწყვეტ, საშემოდგომო ეტაპზე გავიდნენ, სადაც შეადგინეს ახალი (6-გუნდიანი) "ზედა ჯგუფი". ეს ტურნირი ჩატარდება ორ წრედ და სწორედ აქ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით გაირკვევა ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორთა ვინაობა...
ქუთაისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენელ კოლექტივებთან გამართული ორივე შეხვედრა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე გაიმართა. როგორც აქამდეც ვწერდით, ხელოვნურსაფარიან მოედანზე, "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...
რაც შეეხება ზედიზედ ორ ზესტაფონურ-ქუთაისურ დაპირისპირებას - "მართვესთან" 10 სექტემბერს გამართული შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა, ხოლო "ქუთაისთან" 15 სექტემბერს ჩატარებულ მატჩში მასპინძლებმა სტუმრები მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს (გოლის ავტორი - გიორგი ჭულუხაძე) ...
|