Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.09.2019

 

 

 

 

 

 

 

 

სტუმრობა აბაშაში

 

 

 

 

 

2019 წლის 11 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში, რომელიც მევლუდ მიმინოშვილის სახელობის აბაშის სტადიონზე გაიმართა, მარგველები ადგილობრივ "ზანას" დაუპირისპირდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონლიგის გათამაშების წინა ორ ტურში "ზანამ" ზედიზედ ორი მატჩი დათმო, "ზესტაფონთან" შეხვედრა, რომელიც მასპინძელთათვის მაღალი მიზნებისათვის ბრძოლაში დასაბრუნებლად ერთ-ერთ ბოლო შანსს წარმოადგენდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა.

 

ზემოიმერლები სამეგრელოს სერიოზული საკადრო პრობლემებით ეწვივნენ - ტრავმებისა და ყვითელი ბარათების მიღების შედეგად "გამომუშავებული" დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 4 ფეხბურთელი (ზაქარაშვილი, ა. დვალი, ზუზაძე და ბუბულაშვილი) დააკლდა...

 

შეხვედრა მასპინძლებმა დაიწყეს და უკვე მე-15 წამზე დაწინაურდნენ - მოედნის ცენტრში ბურთის გათამაშებისთანავე, აბაშელთა ერთ-ერთმა მცვლემა ბურთი ზესტაფონელთა საჯარიმოს მისადგომებთან გადაგზავნა, იქ კი სტუმართა დაცვის ხაზისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით "ზანას" ფორვარდმა ბექა ძიგუამ ისარგებლა და თავის გუნდი ყველასათვის მოულოდნელად წინ გაიყვანა...

 

უნდა ითქვას, რომ ანგარიშში ჩამორჩენის მომენტიდან მატჩის ბოლო წუთამდე სათამაშო უპირატესობას სტუმართა კოლექტივი ფლობდა და რამდენიმე ეპიზოდში მასპინძელთა მხარე აშკარად დაინდო. რაც შეეხება აბაშელებს, ისინი თავს ორგანიზებულად იცავდნენ და არბიტრის, ქუთაისელი ირაკლი ხერხაძის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე განახორციელეს სამაგალითო კონტრშეტევა, რომელიც ზუსტი დარტყმით ბექა გვაზავამ დააგვირგვინა.

 

შედეგად, აბაშელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0. რაც შეეხება ზესტაფონელებს, მათ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადეს, სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე დაქვეითდნენ, თუმცა გათამაშების ლიდერებს, ვანის "სულორსა" და წალენჯიხის "სქურს" სულ რაღაც 2-2 ქულით ჩამორჩებიან...

 

მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 18 სექტემბერს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გათამაშების ცხრილის ლიდერს, წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება...

 

11.09.2019. ”ზანა” (აბაშა) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, სამხარაძე (ი. დვალი, 84), გაჩეჩილაძე, ბ. ფერაძე, გოგობერიშვილი, ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019