06.09.2019
სამი ქულა იმერულ დერბიში
2019 წლის 6 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეექვსე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
ორი იმერული კოლექტივის დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშში დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსი მიეცათ. თუმცა, გოლი მხოლოდ ტაიმის შუაწელს, 22-ე წუთზე გავიდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული ზესტაფონელთა იერიშისას ბაჩო ბერაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და იქ ეულად დარჩენილი კობა გოგობერიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთმა ქუთათურთა კარის ხაზი გადაკვეთა...
მასპინძლები ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც ბევრს აქტიურობდნენ და ტაიმის მიწურულს, კერძოდ 39-ე წუთზე, სტუმრების მეორე გოლით დამწუხრებაც მოახერხეს. ზემოიმერელთა სწრაფი შეტევა ცენტრიდან განვითარდა, გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ დასარტყმელ პოზიციაზე ბაჩო ბერაძე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...
მეორე ტაიმი თითქოს მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა 76-ე წუთზე ქუთაისელმა მათე აბულაძემ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. სტუმრებს გათანაბრების შანსიც მიეცათ, თუმცა ქუთათურთა მწვავე შეტევისას სპორტული იღბალი ზესტაფონელთა მხარეს აღმოჩნდა...
ამოქმედდა ყველასათვის კარგად ცნობილი დაუწერელი საფეხბურთო კანონი და ხელსაყრელი მომენტის გაცუდებიდან სულ რამდენიმე წუთში სტუმრებმა გოლი საკუთარ კარში მიიღეს - 87-ე წუთზე მიზანს ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ მიაღწია. იმერული დერბიც მარგველთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 11 სექტემბერს გამართავს - ამ დღეს ჩვენი გუნდი აბაშას ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ზანას" დაუპირისპირდება. მატჩი მევლუდ მიმინოშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
|
06.09.2019. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო-2” (ქუთაისი) 3-1 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, ზაქარაშვილი, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი (ი. დვალი, 90), ბ. ფერაძე, ბერაძე (ა. დვალი, 45 (ზუზაძე, 83)).
|
ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |