Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.09.2019

 

 

 

 

 

 

 

 

პრინციპულ მეტოქეთა მატჩი ბათუმში

 

 

 

 

 

2019 წლის 1 სექტემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ანგისას ბაზაზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

როგორც მოგეხსენებათ, რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ტურნირში გუშინდელ დღემდე გამართული 4 ტურის შემდეგ, "ზესტაფონს" სატურნირო ცხრილში 10 ქულა ჰქონდა. რაც შეეხება ზედა დივიზიონში გადასასვლელად გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთ მონაწილედ მიჩნეულ აჭარლებს, მათ ტურნირი წარუმატებლად, უშუალო კონკურენტებთან გასვლით შეხვედრებში განცდილი ორი მძიმე მარცხით დაიწყეს...

 

რა გასაკვირია, რომ გუშინდელი შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და ბათუმელთა ბაზაზე მრავლად მოსულმა ორივე გუნდის გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა. პირველ ნახევარში გუნდები სწრაფ ტემპში მოქმედებდნენ, ბურთსა და ტერიტორიას დაახლოებით თანაბრად ფლობდნენ, მაგრამ შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ...

 

მეორე ტაიმიც საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა თანდათან ზესტაფონელებმა მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყეს. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო გუნდის კაპიტანი ნოდარ გაჩეჩილაძე, რომელმაც მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ კი ბათუმელთა კარის აღება მართებდა მარგველთა მცველ გიორგი ხუჯაძეს, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან მასპინძელთა ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა.

 

აჭარულ-იმერული დაპირისპირების ბედი ძირითადი დროის ბოლო, 90-ე წუთზე გადაწყდა - ნოდარ გაჩეჩილაძის გამოზომილი პასის შემდეგ ბათუმელთა გოლკიპერთან პირისპირ კობა გოგობერიშვილი გავიდა და მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმით ბურთი დინამოელთა კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა. არბიტრ დავით სანოძის მიერ დამატებულ 4 წუთში აღარაფერი შეცვლილა და მარგველებმა პრინციპული მეტოქე მისსავე მოედანზე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

 

მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 6 სექტემბერს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება...

 

01.09.2019. ”დინამო-2” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 0-1

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, ზაქარაშვილი (ი. დვალი, 90), სამხარაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ბერაძე (ბ. ფერაძე, 63).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019