Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.08.2019

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი გამარჯვება საშინაო კედლებში

 

 

 

 

 

2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის მატჩები - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

ორი იმერული კოლექტივის დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშში დაწინაურების კარგი შანსები მიეცათ - ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს გახლდათ ზესტაფონელთა ფორვარდი ბაჩო ბერაძე, თუმცა ახლო მანძილიდან მისი ორივე დარტყმული არაზუსტი გამოდგა...

 

შესვენებმდე მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ და წყალტუბოელთა კარის გასაღებს უშედეგოდ ეძიებდნენ, სტუმრები კი თავის შანსის პოვნას სწრაფ კონტრაქციებში ცდილობდნენ. საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ ზესტაფონელები გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს, თუმცა მასპინძლები გადამწყვეტ მომენტში ბევრს სცოდავდნენ. ბესო ფერაძისა და კობა გოგობერიშვილის დარტყმების შემდეგ კი ბურთი "სამგურალი-2"-ს ძელმა მოიგერია...

 

70-ე წუთზე მარგველებმა ანგარიში მაინც გახსნეს - წყალტუბოელთა კართან დანიშნული კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, მეკარის ბაქანთან ახლოს დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ახალგაზრდა ფორვარდი ბესო ფერაძე, რომელმაც ზუსტი ძლიერი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა...

 

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და 72-ე წუთზე მათ "სამგურალი-2"-ს კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - შეტევის მარცხენა ფლანგიდან განვითარებული იერიშისას ბურთი სტუმართა საჯარიმოსკენ კობა გოგობერიშვილმა ჩააწოდა და იქ მყოფმა ნოდარ გაჩეჩილაძეს ყველაფერი ოსტატურად შეასრულა...

 

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა მორიგი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 2-0 მოიპოვეს. საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ტურნირის ფარგლებში გამართული 4 სასტარტო ტურის შემდეგ მარგველებმა 10 ქულა მოაგროვეს და სადღეისოდ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან...

 

შემდეგ შეხვედრას ზემოიმერლები 1 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" აჭარის დედაქალაქ ბათუმში ადგილობრივი "დინამოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი "ანგისას" ბაზაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება...

 

25.08.2019. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი-2” (წყალტუბო) 2-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე (ნასრაძე, 86), ზაქარაშვილი (ი. დვალი, 64), გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ბ. ფერაძე, ბერაძე (სამხარაძე, 82).

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019