20.08.2019
საბრძოლო ფრე გურიაში
2019 წლის 20 აგვისტოს "ზესტაფონმა" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სტადიონზე ჩატარებულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მესამე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "ჩიბათს" დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ტურნირში დღემდე გამართული 2 ტურის შემდეგ, "ზესტაფონს" სატურნირო ცხრილში ქულათა მაქსიმუმი (6) ჰქონდა. რაც შეეხება ზედა დივიზიონში გადასასვლელ ბრძოლაში ერთ-ერთ მონაწილედ მიჩნეულ გურულებს, მათ ტურნირი უშუალო კონკურენტებთან ორი მძიმე მარცხითა და შესაბამისად, უქულოდ დაიწყეს. რა გასაკვირია, რომ დღევანდელი შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და ჩიბათის სტადიონზე მრავლად მოსულმა ორივე გუნდის ქომაგმა საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა...
გუნდებმა თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში, ზედმეტი დაზვერვის გარეშე დაიწყეს - შეხვედრის პირველი ტაიმის სადებიუტო ნაწილი ტერიტორიისა და ინიციატივისათვის შეურიგებელ ბრძოლაში გაილია. თუმცა, თანდათან სტუმართა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა და მალევე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ზესტაფონელთა შემტევი კობა გოგობერიშვილი, მაგრამ ლანჩხუთელთა კარი თავდამსხმელის უზუსტობამ გადაარჩინა...
ტაიმის დასკვნით ნაწილში ფიზიკურ მზაობაში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ანგარიშიც სწორედ ამ დროს გაიხსნა - 33-ე წუთზე, სტუმართა მრავალსვლიანი შეტევისას "ჩიბათის" საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა ბაჩო ბერაძე და მოჭრილი დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 39-ე წუთზე ლანჩხუთელთა გამოცდილმა ფორვარდმა გიგა კვერენჩხილაძემ წონასწორობა აღადგინა. ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად ერთ წუთში წინ ისე ზესტაფონელები გავიდნენ - მიზანს აკაკი დვალის უძლიერესმა და უზუსტესმა დარტყმამ მიაღწია...
მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების მიუხედავად, მასპინძლები არ დანებდნენ და ტაიმის ბოლომდე ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება მოახერხეს - 43-ე წუთზე იმერელთა კართან დაინიშნა კუთხური, რომლის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში ყველას "ჩიბათის" კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა ტარიელ კუკულაძემ დაასწრო და ზუსტი თავურით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა...
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმრებმა ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით რამდენიმე უმწვავესი იერიში განახორციელეს, თუმცა შეტევის დაგვირგვინება ვერაფრით ხერხდებოდა. არადა, თავის გუნდის დაწინაურება ბაჩო ბერაძეს, ნოდარ გაჩეჩილაძეს, აკაკი დვალსა და ბესო ფერაძეს მართებდათ...
ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის მიწურულს სტუმარმაც და მასპინძელმაც მოსაგებად გაიწიეს და აქედან გამომდინარე, ბოლოს თამაში კიდევ უფრო გაიხსნა. ამის მიუხედავად, მეტი გოლი დღევანდელ შეხვედრაში აღარ გასულა და ძალიან დაძაბული გურულ-იმერული ჯახი საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა.
მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 25 აგვისტოს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს (17:30 საათზე) უმასპინძლებენ.
|
20.08.2019. ”ჩიბათი” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 2-2 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ვარდოსანიძე, ჭურაძე, ზაქარაშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ა. დვალი (ბ. ფერაძე, 73), გოგობერიშვილი, ბერაძე.
|
|