Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.08.2019

 

 

 

 

 

 

 

 

რიგით მეორე საშინაო გამარჯვება

 

 

 

 

 

2019 წლის 14 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეორე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველებმა ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლეს.

 

ამ ერთი კვირის წინ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან გამართული მატჩის მსგავსად, აჭარლებთან დაპირისპირების სადებიუტო ნაწილიც მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-3 წუთზე, ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ თორნიკე ჭურაძის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემის შემდეგ ამ უკანასკნელმა წინ საკუთარი გუნდი გაიყვანა...

 

მე-19 წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - შეტევის მარცხენა ფლანგიდან დავით ჩხიკვაძის კარგი გარღვევისა და საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებული დროული გადაცემის შემდეგ, ბაჩო ბერაძემ მეორედ შეარხია სტუმართა კარის ბადე. 42-ე წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ბესო ფერაძის გადაცემის შემდეგ ყველას კობა გოგობერიშვილმა დაასწრო და ანგარიში 3-0 გახადა...

 

შესვენების შემდეგ თამაში თითქოს მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა 54-ე წუთზე მასპინძლებმა უწყინარ სიტუაციაში თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც მათ კარში დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად გიორგი ლორიამ აქცია. 72-ე წუთზე კი გიორგი ლორიამ დუბლის შესრულებაც მოახერხა - მიზანს ხელვაჩაურელის შორეულმა დარტყმამ მიაღწია...

 

შეხვედრას ინტრიგაც დაუბრუნდა, სტუმრებმა მატჩის ბედის შემოსატრიალებლადაც გაიწიეს, მაგრამ 75-ე წუთზე, "მაჭახელას" საჯარიმოში ზესტაფონელი ზაალ ზუზაძე წააქციეს და სტუმართა კარის ბადე მასპინძელთა კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტი დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ შეირხა...

 

დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრას საბოლოო წერტილი 88-ე წუთზე დაუსვა ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ბესო ფერაძემ, რომელმაც სტუმართა კართან დანიშნული კუთხურის შემდეგ გოლი მაღალ ნახტომში ზუსტი თავურით გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა "ზესტაფონის" გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა...

 

რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" შემდეგი, რიგით მესამე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი" 20 აგვისტოს გამართავს. ამ დღეს ზემოიმერლები ლანჩხუთს ესტუმრებიან და ადგილობრივ "ჩიბათს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება...

 

14.08.2019. ”ზესტაფონი” - ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) 5-2

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ზაქარაშვილი (სვიანაძე, 72), გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, ზუზაძე (ა. დვალი, 76), ბ. ფერაძე, ბერაძე (სამხარაძე, 57).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019