Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.08.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" მეორე ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

 

 

 

 

 

2019 წლის 7 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონმა" თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.

 

თანაქალაქელი კლუბების დაპირისპირება თავიდანვე მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-7 წუთზე ანგარიში ბაჩო ბერაძის ეფექტური დარტყმის შემდეგ გაიხსნა. მე-17 წუთზე გიორგი ხუჯაძემ მეორედ აიღო "მარგვეთი-2006"-ს კარი, ხოლო ტრავმირებული ბაჩო ბერაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბესო ფერაძემ 28-ეზე ანგარიში დიდამდე გაზარდა...

 

თამაშის სცენარი ტაიმის ბოლომდე არ შეცვლილა და 37-38 წუთებზე, დროის წუთნახევრიან მონკვეთში, დუბლის შესრულება ზაალ ზუზაძემ მოახერხა, 41-ეზე აკაკი დვალმა ანგარიში ექვსამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი 7-0 კობა გოგობერიშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ 43-ე წუთზე დაფიქსირდა...

 

შესვენების შემდეგ თამაში შედარებით მშვიდად წარიმართა - მასპინძლები მოვლენათა განვითარებას კი აკონტროლებდნენ, თუმცა თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოსულმა პუბლიკამ მეორე ტაიმში მხოლოდ სამი გატანილი გოლი იხილა..

 

65-ე წუთზე "მარგვეთი-2006"-ს კარის ბადე მასპინძელი გუნდის კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ შეირხა, 71-ეზე შორეული დარტყმით თავი შოთა ვარდოსანიძემ გამოიჩინა, ხოლო წერტილი სტუმართა რბევას ისევ ბესო ფერაძემ დაუსვა, რომელმაც 86-ე წუთზე უძლიერესი შორეული დარტყმით თავის გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი დუბლი შეასრულა...

 

საბოლოოდ, დღევანდელი მატჩის თბილისელი არბიტრის გიორგი ვარდიძის საფინალო სასტვენმა ოფიციალურ შეხვედრებში "ზესტაფონის" მიერ მოპოვებული სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება 10-0 დააფიქსირა...

 

შემდეგი, რიგით მეორე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი" ზუსტად ერთ კვირაში გამართავეს - 14 აგვისტოს ზემოიმერლები ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და დღევანდელი მატჩის მსგავსად, 18:00 საათზე დაიწყება...

 

 

07.08.2019. ”ზესტაფონი” - ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) 10-0

"ზესტაფონი": გიორგაძე (ა. ფერაძე, 68), ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ზაქარაშვილი, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი (ნასრაძე, 58), ზუზაძე, ა. დვალი, ბერაძე (ბ. ფერაძე, 19).

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019